მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ დაკმაყოფილდა ,,საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის'' წევრის გია ფოლადიშვილის სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. კერძოდ, სადავო ნორმის თანახმად, თუ სარჩელი შეტანილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესი კოდექსით დადგენილი წესების დარღვევით, მოსამართლე არ მიიღებს სარჩელს წარმოებაში.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, გასაჩივრებული დებულება მოსამართლეს ანიჭებს უფლებას, საქმის არსებითად განხილვის გარეშე, უარი თქვას სარჩელზე და იგი უკან დაუბრუნოს პირს, იმისდა მიუხედავად, თუ რა ტიპის ხარვეზია დაშვებული მასში. მოსარჩელის პოზიციით, ზოგიერთი ტექნიკური უზუსტობისა თუ ხარვეზის აღმოსაფხვრელად მხარეს უნდა განესაზღვროს დამატებითი დრო. ამის საპირისპიროდ, სადავო ნორმა ადგენს სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის ბლანკეტურ წესს, რაც იწვევს სამართლიანი სასამართლოს უფლების არაპროპორციულ შეზღუდვას, აჭიანურებს პროცესს და პირს უკარგავს სასამართლო დავის წარმოების ინტერესს.
მოპასუხემ მიუთითა, რომ სადავო ნორმა პირს ავალდებულებს კანონის მოთხოვნებთან შესაბამისი სარჩელის შეტანას, რათა სასამართლო არ გადაიტვირთოს დაუსაბუთებელი/ხარვეზიანი სარჩელებით, არ მოხდეს სასამართლოსათვის მიმართვის უფლების ბოროტად გამოყენება და უზრუნველყოფილ იქნეს პროცესის ეკონომიურობა. ამდენად, მოპასუხის პოზიციით, სადავო ნორმით არ ირღვევა სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლება.
საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სრულყოფილი სარჩელის წარსადგენად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მოთხოვნათა საკმაოდ ფართო სპექტრს, რომელთა დარღვევაც, შესაძლოა, განსხვავებულ გავლენას ახდენდეს სარჩელის სრულფასოვნებასა და სასარჩელო მოთხოვნის ჩამოყალიბებაზე. რიგ შემთხვევებში, შესაძლებელია, წარდგენილ სარჩელში დაშვებული იყოს იმ ტიპის შეცდომა რომლის გამოსწორებაც ფაქტობრივად გაუთანაბრდეს ახალი სარჩელის წარდგენას ან არსებობდეს ისეთი ხარვეზი, რომელიც დაზუსტებადი/გამოსწორებადია მხარესთან მარტივი კომუნიკაციის მეშვეობით. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მიუხედავად სარჩელში დაშვებული შეცდომის ტიპისა სადავო ნორმა ბლანკეტურად ითვალისწინებს სარჩელის განსახილველად არმიღებას, რითაც იზღუდება სამართლიანი სასამართლოს უფლება.
ვრცლად იხილეთ:
ორშ-პარ : 09:00 - 18:00
შაბათი : 09:00 - 14:00
კვირა : დასვენება
მიმღები ბანკი: სს თიბისი ბანკი
ანგარიში: GE75TB0000000777333
მიმღები: ააიპ საქართველოს ადვოკატები
დამოუკიდებელი პროფესიისთვის
Copyright 2024 Glip - ყველა უფლება დაცულია