Mariam_Sichinava

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მნიშვნელოვანი განმარტებანი არაქონებრივი ზიანის თაობაზე

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ქონებრივ ზიანთან ერთად იცნობს არაქონებრივ ზიანს, იგი არეგულირებს მორალური ზიანის დაკისრების წესსა და მის წინაპირობებს. საქართველოს საკანონმდებლო ისტორიაში მორალური ზიანის დაკისრებას დიდი წარსული ნამდვილად არ აქვს, თუმცა სასამართლო პრაქტიკით იგი ნელ-ნელა ვითარდება. ევროპის ქვეყნების კანონმდებლობაში არაქონებრივი ზიანი განიმარტება, როგორც ,,ფიზიკური და ზნეობრივი ტანჯვა“, ხოლო ქართული სამოქალაქო კოდექსი – რაიმე კონკრეტულ დეფინიციას არ გვთავაზობს. არაქონებრივი ზიანის შესახებ მოთხოვნის ერთ-ერთი ძირითადი საფუძველია სსკ-ს 413-ე მუხლი.
არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ერთი ძალიან საინტერესო გადაწყვეტილების (#№330310018002728125) შესახებ მინდა ვისაუბროთ.
2008 წლის 5 აპრილს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა სამსახურეობრივ მივლინებაში მყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. მძღოლმა დაინახა სავალ გზაზე გადმომავალი ბავშვი. ქვეითადმოსიარულესთან შეჯახების თავიდან ასაცილებლად, მძღოლმა საჭე მკვეთრად მომართა მარჯვნივ, აიცილა ამ უკანასკნელზე შეჯახება, მაგრამ ვეღარ მოახერხა ავტომობილის დამორჩილება, გადავიდა სავალი გზიდან, დაეჯახა ბორდიურს და შემდეგ ელ. განათების ბოძს. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღეს ავტომანქანის მგზავრებმა, ადგილზე გარდაიცვალა ერთ-ერთი მგზავრი.
გამოძიებით დადგინდა, რომ „დადგენილ ვითარებაში მძღოლს ტექნიკური თვალსაზრისით ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება“. მძღოლის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
მგზავრის დაღუპვა ჩაითვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მომხდარ შემთხვევად და მის ოჯახზე გავრცელდა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ერთჯერადი კომპენსაცია 15 500 ლარის ოდენობით.
გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა მოითხოვეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკისრებოდა – 150 000 ლარის ანაზღაურება (ოროთახიანი ბინის საყიდლად – საბაზრო ღირებულებით); სარჩოს ანაზღაურება,გარდაცვალების დღიდან სარჩენის სიცოცხლის მანძილზე და მორალური ზიანის სახით50 000 (ორმოცდაათათასი) ლარის ანაზღაურება;
სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა აპელანტის (მოსარჩელის) მოთხოვნა არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ნაწილში.
პალატამ ყურადღება გაამხვილა შემდეგზე – უნდა აუნაზღაურდეს თუ არა მშობელს შვილის გარდაცვალებისათვის მორალური ზიანი. პალატა ამ საკითხსაც დადებითად პასუხობს შემდეგ გარემოებათა გამო: უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ ძირითადად ზიანის ანაზღაურების საფუძველია სამსახურებრივი მოვალეობის განზრახ ან გაუფრთხილებლობით დარღვევით ზიანის მიყენება, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ხშირად არის შემთხვევები, როდესაცზიანის მიყენება ხდება მოხელის ქმედებით, მაგრამ სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევის გარეშე (ევროპულ სამართალში ასეთი შემთხვევები მოიხსენიება, როგორც „Administrative Damages in Tort“). ეს კი იმ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის ანაზღაურების საფუძველია, სადაც მოხელე მუშაობს (სამოქალაქო კოდექსის 997-ემუხლი). სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ შვილის გარდაცვალების გამო მშობლის ენითგამოუთქმელი მორალური ტრავმა უდავოდ სახეზეა. ეს უკანასკნელი გაიგივებულია სულიერ განცდასა და ფიზიკურ ტანჯვასთან. მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენს დაზარალებულის სულიერი და ფიზიკური ტანჯვა, რომელიც გამოწვეულია მოქმედებით (უმოქმედობით) და რომელიც ხელყოფს მოქალაქის კანონით გათვალისწინებულ არამატერიალურ სიკეთეს.
მორალური ზიანი ანაზღაურდება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად. მორალური ზიანის ანაზღაურება უნდა ეფუძნებოდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიყენებული ფიზიკური და მორალური ტანჯვის ხარისხს. შესაბამისად, მორალური ზიანის ანაზღაურების მიღების უფლების მქონე პირთა განმსაზღვრელ კრიტერიუმს წარმოადგენს პიროვნებისათვის ფიზიკური ან ზნეობრივი ტანჯვის მიყენება. მორალური ზიანი სახეზეა, როდესაც სახეზეა ადამიანის ფსიქიკის სფეროში ნეგატიური ცვლილების არსებობა, რაც გამოიხატება ფიზიკურ და ზნეობრივ ტანჯვაში. ზიანის ანაზღაურებისას გადამწყვეტ როლს ასრულებს ზიანის სიმძიმე, სულიერი განცდები, მსუბუქი ფიზიკური ტკივილი მხედველობაში არ მიიღება, ხოლო როდესაც ადგილი აქვს ისეთ ზიანს, რომლის დროსაც, როგორც წესი, მოსალოდნელია მძიმე ფსიქიკური განცდები, სულიერი ტანჯვა, და ა. შ. როგორიცაა ახლობელი ადამიანის (მეუღლის, შვილის, დედის, მამის, დის, ძმის) გარდაცვალება, მოქმედებს ე.წ. მორალური ზიანის პრეზუმფცია და ზიანის მიმყენებლის მიერ საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ აღნიშნულმა პირმა მძიმე სულიერი ტკივილი განიცადა.
ზოგადად, სამართლის სისტემები მოიცავენ წესებსა და პრინციპებს – მორალურ მტკიცებებს. მოსამართლეებმა უნდა განიხილონ სხვადასხვა შეხედულებები და მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც სამართალს აქცევს, რაც შეიძლება, მორალურად საუკეთესოდ. ობიექტური სამართალი, რომელიც დავას არ იწვევს, არის მხოლოდ კანონმდებლებისა და მოსამართლეების მიერ მიღებული წარსულის ოფიციალური გადაწყვეტილებების კრებული. მორალური შეფასება არის სამართლის განუყოფელი ნაწილი (დვორკინის თეორია). სწორედ მოცემულ შემთხვევაშია სასამართლო ვალდებული, მშობლისათვის შვილის გარდაცვალებით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხი პოზიტიური სამართლის გვერდით ბუნებითი სამართლის გათვალისწინებითაც შეაფასოს, რომლიდან გამომდინარეც, ნებისმიერი ქცევა, რომელიც ლახავს ან არღვევს ადამიანის თანდაყოლილ ბუნებით უფლება – მოვალეობებს   მორალურად გაუმართლებელ „დანაშაულად“ ითვლება. ეს ისეთი უფლება – მოვალეობებია, რაც ადამიანს თავისთავად ეკუთვნის, რომელთა დაცვასაც გვაკისრებს მისი ცოცხალ, გონიერ არსებად ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი მიდგომა საუკუნეთა წინ ჩაისახა და დამკვიდრდა, პალატის მოსაზრებით, იგი დღევანდელი რეალობისთვისაც ცოცხალია. ადამიანის გონი, როგორც მოაზროვნე სუბსტანცია, პოზიტიური სამართლის მიღმა,ასევე შეიმეცნებს იმ ფუნდამენტურ, თანდაყოლილ ვალდებულებებსა თუ უფლებებს, რაც ადამიანად ყოფნას განაპირობებს და ამართლებს. მოცემულ შემთხვევაში, ამ პრინციპების საწინააღმდეგო იქნებოდა იმის მტკიცება, რომ შვილის გარდაცვალებით მშობელს მორალური ზიანი არ განუცდია და რომ ამგვარი ზიანის დასადასტურებლად მტკიცებულებები უნდა წარმოედგინა; მორალური ზიანი მტკიცებულებების გარეშეც სახეზეა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების თანახამად, „მორალური ზიანი არის ის სულიერი განცდა და ფიზიკური ტკივილი, რომელსაც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად განიცდის ფიზიკური პირი. უდავოა, რომ ახალგაზრდა შვილის გარდაცვალებით მშობელი განიცდის მნიშვნელოვან მორალურ ტკივილს, რაც დაკავშირებულია განგრძობად ნეგატიურ განცდებთან და სტრესულ მდგომარეობასთან.
მოსარჩელეებმა მორალური ზიანი მოითხოვეს არა როგორც გარდაცვლილი შვილის უფლებამონაცვლეებმა, არამედ პირადად, როგორც შვილის გარდაცვალებით მორალურად დაზარალებულებმა, რაც ერთმანეთისაგან პრინციპულად განსხვავებული შემთხვევებია. ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ როდესაც სახეზეა კონვენციის ძირითადი მუხლების (მე-2 დამე-3 მუხლები) დარღვევა და აღნიშნულისათვის ეროვნული კანონმდებლობა არ ითვალისიწნებს მორალური კომპენსაციის შესაძლებლობას, ამგვარი გაუთვალისწინებლობა არღვევს ევროპული კონვენციის მე-13 მუხლს – ქმედითი სამართლებრივი მისაგებლის უფლებას….
მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ისეთ გარემოებებს, როგორიცაა: დამდგარი ზიანის სიმძიმე, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, შელახული უფლების მნიშვნელობა და სხვ.. ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები, რომ მორალური ზიანის სპეციფიკის გათვალისწინებით, მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრესი მიზანია რა რის ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. მორალური ზიანის კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას, მისი მიზანია არა მატერიალური სიკეთის ხელყოფით გამოწვეული ტანჯვის შემსუბუქება, ნეგატიური განცდების სიმძიმისა და ინტენსივობის შემცირება. მორალური ზიანის ანაზღაურება სასამართლოს მიერ ფულადი ფორმით განისაზღვრება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად. მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების მოცულობა განისაზღვრება როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით. ამასთანავე, კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს უსაშველოდ გაზრდილი და კონკრეტული ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობებს მოწყვეტილი.“
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არ არის შესული კანონიერ ძალაში. მიმაჩნია, რომ პალატის ამგვარი განმარტება ახალი პრაქტიკის დადგენის საწყისია. სასამართლო ძალიან დასაბუთებულად განმარტავს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საკითხს, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია შვილის გარდაცვალებით მშობლისათვის მიყენებულ უზარმაზარ სულიერ ტანჯვასთან.

მარიამ სიჭინავა
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის გამგეობის წევრი