vaccination

სავალდებულო ვაქცინაცია არღვევს თუ არა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას?!

CASE OF VAVŘIČKA AND OTHERS v. THE CZECH REPUBLIC ვავრიჩკა და სხვები ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ 2021 წელს განიხილა სარჩელი ვავრიჩკა და სხვები ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (CASE OF VAVŘIČKA AND OTHERS v. THE CZECH REPUBLIC), რომელიც ეხებოდა ბავშვების სავალდებულო ვაქცინაციის გამო მშობლების მიმართ ჯარიმის გამოყენების მართლზომიერებას, აუცრელ ბავშვთა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში დაშვებაზე უარის თქმის საკითხებს.

სასამართლომ ღიად აღნიშნა, რომ ჯანდაცვის პოლიტიკა არის ის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც ეროვნული ხელისუფლების ორგანოები მასთან შედარებით პრიორიტეტულ მდგომარეობაში არიან, რადგან მათ შეუძლიათ პირდაპირ შეაფასონ პრიორიტეტები და სოციალური საჭიროებები. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განმარტება, რომელიც გააკეთა სასამართლომ არის ის, რომ ეროვნული ხელისუფლების ორგანოებს უფლებაში ჩარევის დიდი საშუალება აქვთ იმ შემთხვევაშიც, როდესაც სამართლიანი ბალანსი დარღვეულია დაპირისპირებულ კერძო და საჯარო ან კონვენციურ უფლებებს შორის.

სასამართლომ აგრეთვე აღნიშნა, რომ ვაქცინაცია ყველაზე წარმატებულ სამედიცინო ხასიათის ინტერვენციას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ვალდებულია პოზიტიური ქცევით განახორციელოს მაქსიმალურად დიდი რაოდენობის მოქალაქეთა სავალდებულო ვაქცინაცია. ამასთან, რეალურად არ არსებობს რაიმე მოდელზე კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იქნეს ნაპოვნი სამართლიანი ბალანსი ვაქცინაციის დროს დაპირისპირებული ინტერესების მქონე ადამიანებს შორის. რაც შეეხება ბავშვების ვაქცინაციას, ამ შემთხვევაში რამდენიმე მიდგომას ვხვდებით: პირველი ის, რომ ბავშვის ვაქცინაციას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, რაც შეეხება მეორე მიდგომას, ბავშვის ვაქცინაციას სარეკომენდაციო ხასიათი მხოლოდ კონკრეტული სახეობის ვაქცინებთან მიმართებით აქვთ, ხოლო ცალკეულ სახეობებთან მიმართებით სავალდებულოა; მესამე მიდგომის მიხედვით კი, ბავშვთა ვაქცინაცია ყველა სახეობის ვაქცინებთან მიმართებით სავალდებულოა. ფაქტი სახეზეა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკამ ამ მიდგომებიდან ყველაზე მკაცრი მიდგომა აირჩია . სასამართლომ აგრეთვე ხაზგასმით მიუთითა კონვენციის მე-2 და მე-8 მუხლებზე, რომლის მიხედვითაც ვალდებულნი არიან თავიანთი იურისდიქციის ქვეშ მყოფი ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაიცვან. საქმის განხილვის დროს წარმოდგენილი მასალებისა და ექსპერტთა პოზიციის გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკაში ბავშვების სავალდებულო ვაქცინაცია მწვავე სოციალურ საჭიროებას წარმოადგენდა, მიმართული იყო ცალკეული ადამიანებისა და ზოგადად საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვისაკენ, ასევე, იმისკენ რომ ბავშვებში ვაქცინაციის რაოდენობრივი მაჩვენებელი არ შემცირებულიყო. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სასამართლომ ბავშვების ვაქცინაცია მგრძნობიარე, ინტიმურ საკითხებთან არ არის დაკავშირებული, თუმცა არ უნდა გამოგვრჩეს ის, რომ სასამართლომ ამ შემთხვევაშიც ახსენა ბავშვის უპირატესი ინტერესი, რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად განისაზღვრება. ინტერესებში, რასაკვირველია, იგულისხმება ისიც, რომ მათი ჯანმრთელობა მაქსიმალურად მაღალი ხარისხით იყოს დაცული, რისთვისაც ყველაზე კარგ გამოსავლად ვაქცინაცია მიიჩნევა. მშობლების აზრით კი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ყველაზე დიდი წვლილი სწორედ მათ მიუძღვით, ხოლო სახელმწიფო უნდა ჩაერიოს უკიდურეს შემთხვევაში. ვაქცინაციის მიზანი, თავის მხრივ, მძიმე დაავადებებისგან დაცვაა, ხოლო ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია ვაქცინაცია, კოლექტიური იმუნიტეტით არიან დაცულნი, რასაკვირველია იმის დამსახურებით, რომ სხვა ადამიანები არიან აცრილები, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება კოლექტიური იმუნიტეტის შექმნა და შენარჩუნება, მაშინ ეროვნული ხელისუფლების ორგანოებს შეუძლიათ სავალდებულო ვაქცინაციის პოლიტიკა გაატარონ მძიმე დაავადებებისგან მოსახლეობის დასაცავად.

სასამართლომ პირველ მოსარჩელესთან დაკავშირებით თქვა, რომ მისთვის დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმა არ იყო გადაჭარბებული, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ მოსარჩელეებს, სასამართლომ აღნიშნა, რომ სავალდებულო ვაქცინაციის ჩაუტარებლობის გამო ბავშვების სკოლამდელი დაწესებულების მიერ მიუღებლობამ და გარიცხვამ მათი პიროვნულ განვითარებაზე, სოციალიზაციაზე, უნარ-ჩვევების გაღრმავებაზე საკმაოდ დიდი, უარყოფითი გავლენა მოახდინა, თუმცა ეს არა სახელმწიფოს, არამედ მშობლების არჩევანი იყო. კერძოდ მათი ნეგატიური ქმედებით, ანუ სავალდებულო ვაქცინაციის გვერდის ავლით ზიანი სწორედ მათ შვილებს მიადგათ, მითუმეტეს, რომ აცრათა დიდი ნაწილის გაკეთებისთვის ოპტიმალური დრო სწორედ ადრეული ასაკია. მნიშვნელოვანია აგრეთვე აღინიშნოს ის თუ რა მდგომარეობაში არიან ისეთი ბავშვები, რომლებსაც თავიანთი ჯანმრთელობა არ უწყობს ვაქცინაციაში ხელს. ამ შემთხვევაში მათი სკოლამდელ დაწესებულებაში ყოფნა დამოკიდებულია სხვა ბავშვების ვაქცინაციაზე, რათა რეალურად უსაფრთხოდ იყოს კონკრეტულ გარემოში და გარკვეული იმუნიტეტი არსებობდეს, გამოდის რომ ჯანმრთელობის მქონე ბავშვების შემთხვევაში, რომელთან არ შეუძლიათ ვაქცინაცია, პასუხისმგებლობა სწორედ საზოგადოებას ეკისრება.

სავალდებულო ვაქცინაციაზე უარის თქმით ბავშვებს სრულად არ წართმევიათ ინტელექტუალური, სოციალური, პიროვნული განვითარების შესაძლებლობა. სკოლამდელ დაწესებულებაში დაუშვებლობა არ ყოფილა საბოლოო განაჩენი, რადგან ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, როგორც კი სავალდებულო განათლების ასაკს მიაღწევდა თითოეული, მათ შესაძლებლობა ექნებოდათ სწავლა დაეწყოთ დაწყებით სკოლაში, ამ შემთხვევაში მათ სტატუსს ვაქცინაციასთან მიმართებით არავითარი მნიშვნელობა არ ექნებოდა.მოსარჩელეები ასევე მიიჩნევდნენ, რომ ეს სისტემა საკმაოდ არათანმიმდევრული და გაუმართავი იყო გამომდინარე იქიდან, რომ სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვთა ვაქცინაცია სავალდებულოა, ხოლო ამ დაწესებულების თანამშრომლებზე არ მოქმედებს იგივე წესი. სასამართლომ კი ამასთან დაკავშირებით ახსენა ისევ, რომ სავალდებულო ვაქცინაციის მოთხოვნა იყო ყველა მოქალაქესა და უცხოელზეც, რომელსაც მუდმივი ცხოვრების უფლება ჰქონდა ჩეხეთის რესპუბლიკაში, შესაბამისად, მათ შორის იყვნენ თანამშრომლები და იგულისხმებოდა, რომ მათ ყველა სავალდებულო ვაქცინა ჩტარებული ჰქონდათ.

აქედან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მათ მიერ სავალდებულო ვაქცინაციასთან მიმართებით გამოყენებული ყველა კანონით დადგენილი ღონისძიება ლეგიტიმური მიზნის მიღწევის პროპორციული საშუალება იყო.

საბოლოოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ ჩეხეთის სახელმწიფოს გადაწყვეტილება ბავშვთა სავალდებულო ვაქცინააციის დაწესების შესახებ არ არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული პირადი ცხოვრების ხელშეხებლობის უფლებას.

გადაწყვეტილების ქართულენოვანი ვერსია იხილეთ აქ