cons_court_of_georgia

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის №5196-რს კანონის მე-2 მუხლი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით და სადავო ნორმა მიჩნეულ იქნა ,,შემამსუბუქებელი კანონის უკუძალით გამოყენების კონსტიტუციური პრინციპისა და თანასწორობის უფლების მოთხოვნების საწინააღდეგოდ.

გადაწყვეტილებაში მსჯელობა ეთმობა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: არაერთგზისი დანაშაული, დანაშაულთა ერთობლიობა, სისხლის სამართლის ნორმის დროში მოქმედების პრონციპი, კანონის უკუძალა, ნასამართლობა, სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა ერთობლიობის დროს, სამართლის/კანონის წინაშე თანსწორობა, დისკრიმინაციის აკრძალვა და ა.შ.

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის 2007 წლის 3 აგვისტომდე მოქმედი, თავდაპირველი რედაქციის თანახმად, არაერთგზის დანაშაულად მიიჩნეოდა ამ კოდექსის ერთი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენა. სადავო კანონით სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით შეიცვალა არაერთგზისი დანაშაულის ცნება. სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის 2007 წლის 3 აგვისტოდან მოქმედი/შეცვლილი რედაქციის მიხედვით, არაერთგზის დანაშაულად განისაზღვრა წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ამდენად, ცვლილების განხორციელების შემდეგ დანაშაულის არაერთგზისად კვალიფიცირებისათვის გაჩნდა დამატებითი კრიტერიუმი – დანაშაული უნდა ყოფილიყო ჩადენილი იმავე მუხლით განსაზღვრული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, რითაც დავიწროვდა სუბიექტთა წრე, ვის მიერ ჩადენილი ქმედებაც შესაძლოა დაკვალიფიცირებულიყო არაერთგზის დანაშაულად. შესაბამისად, რიგი ქმედებები, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თავდაპირველი რედაქციის თანახმად, არაერთგზის დანაშაულად მიიჩნეოდა, 2007 წლის 4 ივლისის ცვლილებების შემდეგ აღარ კვალიფიცირდება არაერთგზის დანაშაულად და მიიჩნეოდა დანაშაულთა ერთობლიობად, რაც ბუნებრივია გავლენას ახდენდა სასჯელის დანიშვნის წესზე სასჯელის შემსუბუქება/დამძიმების კუთხით.

-მოსარჩელე მსჯავრდებული იყო სადავო კანონის ამოქმედებამდე ორჯერ განზრახ მკვლელობის ჩადენისათვის. ამასთან, ორივე განზრახ მკვლელობის ეპიზოდი ერთი განაჩენის საფუძველზე შეეფარდა. 2007 წლის 4 ივლისის №5196-რს კანონით გათვალისწინებული ცვლილებების ძალაში შესვლის მიუხედავად, საერთო სასამართლო მოსარჩელის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენში დაეფუძნა დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობას, ვინაიდან 2007 წლის 4 ივლისის №5196-რს კანონის მე-2 მუხლი კრძალავდა მის გავრცელბას მის მიღებადე ჩადენილ ქმედებებზე. მოსარჩელის ქმედება სასამარლომ დააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, როგორც განზრახ მკვლელობა ჩადენილი არაერთგზის. მოსარჩელეს სასჯელის სახედ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
– იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელის მიერ ჩადენილი დანაშაული შეფასდებოდა 2007 წლის 4 ივლისს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, მისი ქმედება ვერ დაკვალიფიცირდებოდა არაერთგზის ჩადენილ დანაშაულად, რადგან იგი არ ყოფილა იმავე ქმედებისათვის წინათ ნასამართლევი პირი. აღნიშნული კი გამოიწვევდა მისთვის შედარებით მსუბუქი სასჯელის დაკისრებას.

• ,,სამართლის წინაშე თანასწორობის პრინციპი, ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას და ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს“.
• „არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები“.
• ,,საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება არ არის აბსოლუტური და შესაძლებელია, დემოკრატიულ სახელმწიფოში მისი შეზღუდვა. „დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას“
• ,,სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრისას „სახელმწიფოს მიხედულების ფარგლები ვერ იქნება უსაზღვრო. როგორი სერიოზულიც არ უნდა იყოს სახელმწიფოს მოტივაცია და რაოდენ მნიშვნელოვანი სიკეთეების დასაცავად არ უნდა იღებდეს კონკრეტულ რეგულაციას, ის არ თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, იმოქმედოს მკაცრად კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში და უპირობოდ შეიბოჭოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებებით. დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში არ არსებობს მიზანი, ინტერესი, ადამიანის უფლებების დაცვის უმთავრესი მიზნის ჩათვლით, რომლის საპირწონედ სახელმწიფო აღიჭურვება ლეგიტიმური უფლებით, დაარღვიოს თუნდაც ერთეული პირების თავისუფლების უფლება (ესა თუ ის უფლება)“

დეტალურად იხ: https://www.constcourt.ge/ge/legal-acts/judgments/2-4-1365-badri-bejanidze-saqartvelos-parlamentis-winaagmdeg.page