cons_court_of_georgia

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მისი თანამდევი შედეგები დაცვის მხარის საგამოძიებო უფლებამოსილების კონტექტსში

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბერის გადაწყვეტილებით, (საქმეზე: საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (№809კონსტ. სარჩელი)) 2019 წლის 30 ივნისიდან ძალადაკარგულად იქნა ცნობილი (როგორც არაკონსტიტუციური) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-10 ნაწილი, რომელიც ადგენდა დაცვის მხარის შუამდგომლობით სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოპოვებული საგანის, ნივთის, ნივთიერების, აგრეთვე ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი პირველადი გამოკვლევისათვის ბრალდების მხარისათვის წარდგენის წესს, ვინაიდან ის ეწინააღდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტსნ და არათანაზომიერად არღვევდა მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპს.

2. არაკონსტიტუციურად ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ,,პირველადი გამოკვლევის“ ინსტიტუტი ატარებდა ბუნდოვან ხასიათს, ვინაიდან არც სადავო და არც კოდექსის რომელიმე სხვა ნორმა არ აზუსტებდა, თუ კონკრეტულად რა პროცედურას გულისხმობდა, რა ვადებში უნდა ჩატარებულიყო და რა ფარგლებს მოიცავდა იგი. ამგვარი ბუნდოვანების პირობებში, ბრალდების მხარეს კანონი უტოვებდა შესაძლებლობას, პირველადი გამოკვლევის და ამოღებული ობიექტის შესწავლის შემდეგ, ეს ობექტი შემდგომი გამოკვევისა და შესწავლისთვის გადაეცა დაცვის მხარისათვის, ან გაეჭიანურებინა ობიექტის გამოკვლევა დროში და არაგონივრულად დიდი ხნით შეეფერხებინა მეორე მხარისათვის მისი გადაცემა ან საერთოდაც არ გადაეცა დაცვის მხარისთვის, რისი შესრულების ვალდებულებაც ბრალდების მხარისათვის კანონიდან არ გამომდინარეობდა.

3. ამასთან, სასამართლომ დაინახა იმის რელაური საფრთხე, რომ გამოსაკვლევი ობიექტის ხასიათიდან, თვისებებიდან, რაოდენობიდან გამომდინარე, შესაძლოა ადგილი ქონოდა ისეთ ვითარებას, რომ გამოსაკვლევი ობიექტი ვარგისი ყოფილიყო მხოლოდ ერთჯერადი გამოკვლევისათვის (გამოლევადია, ექვემდებარება განადგურებას), რაც ობიექტურად შეუძლებელს გახდიდა ამოღებული საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის დაცვის მხარისათვის გადაცემას. არსებობდა იმის ალბათობაც, რომ ბრალდების მხარეს საერთოდ არ გამოეყენებინა ექსპერტიზის ან სხვაგვარი გამოკვლევის შედეგები და არც დაცვის მხარისათვის გადაეცა იგი. შესაბამისად, ეს უკანასკნელი მოკლებული იქნებოდა შესაძლებლობას, საკუთარი შუამდგომლობით ამოღებულ ობიექტზე ჩაეტარებინა ექსპერტიზა ან სხვა რაიმე ღონისძიება ინფორმაციის მიღების ან მტკიცებულებად გამოყენების მიზნით და იგი დამოკიდებული ხდებოდა მხოლოდ იმ ექსპერტიზის თუ გამოკვლევის შედეგებზე, რომელსაც ჩაატარებდა მისი მოწინააღმდეგე მხარემ.

4. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმის ბუნდოვანება იწვევდა მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევას, ვინაიდან არ არსებობდა პირველადი გამოკვლევის პროცესზე შესაბამისი კონტროლის განხორციელების და ზემოაღნიშნული რისკების თავიდან აცილების შესაძლებლობა. ხსენებული რისკების პრევენციის მიზნით, 2019 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით,

ა) განიმარტა ტერმინის ,,პირველადი გამოკვლევა“ შინაარსი და სსსკ-ის 831-ე მუხლის დამატებით განისაზღვრა დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოპოვებული შესაძლო მტკიცებულების დაცვის მხარისთვის გადაცემა/გაცნობის მარეგულირებელი წესი.

ბ) კანონით გაიწერა დაცვის მხარის სასამართლოსადმი შუამდგომლობით მიმართვის შესაძლებლობა, მისვე შუამდგომლობით ამოღებული ობიექტის გადაცემის გაჭიანურებასთან დაკავშირებით.

გ) კანონით მოწესრიგდა და დაზუსტდა დაცვის მხარის შუამდგომლობით მოპოვებულ, ერთჯერადი გამოკვლევისათვის ვარგისი ობიექტის პირველადი გამოკვევისთვის, ბრალდების მხარის მიერ დანიშნული ექსპერტიზის ჩატრებაში, კითხვების დასმის ფორმით დაცვის მხარის მონაწილეობის წესი.

იოსებ გაბარაევი

სისხლის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი

იხილეთ ბმული