საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით მიღებული სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებების შესაბამისობის საკითხი

1999 წლის 27 აპრილს საქართველო ევროპის საბჭოს 41-ე წევრი ქვეყანა გახდა. მას შემდეგ, ქვეყანამ სხვა კონკრეტულ ვალდებულებებთან ერთად, ქვეყანაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების შესრულების ვალდებულება აიღო. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში იყოს იმ ინსტუმენტებთან (მაგ: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, ე.წ. ,,სტამბოლის კონვენცია და ა.შ.), რომლის მეშვეობითაც ევროსაბჭო ახორციელებს ადამიანის უფლებათა დაცვას.
წევრი სახელმწიფოებისათვის ნაკისრი ვალდებულებების ერთგვარი ,,შეხსენებაა“, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის 2020 წლის 7 აპრილს მიღებული საინფორმაციო ფურცელი (SG/Inf(2020)11), რომლის გამოცემის გაცხადებული მიზანი არის წევრი სახელმწიფოების მთავრობების შესაბამისი სამართლებრივი ინსტრუმენტებით უზრუნველყოფა, უპრეცედენტო და მასობრივი მასშტაბით მიმდინარე COVID-19-ის სანიტარულ კრიზისთან გასამკლავებლად, რათა პანდემიის პერიოდში გატარებულმა ღონისძიებებმა საფრთხე არ შეუქმნან დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა ძირითადი ღირებულებების დაცვას.

ხსენებული დოკუმენტი, ევროსაბჭოს ყველა წევრი სახელმწიფოს ავალდებულებს მიმდინარე კრიზისის დროს გამოყენებული ზომები იყოს ვირუსის გავრცელების საფრთხის პროპორციული და მიღებული იქნე გარკვეული დროით. დოკუმენტი ძირითადად ეხება ოთხ მნიშვნელოვან სფეროს: 1) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისაგან გადახვევის შესაძლო შემთხვევებს საგანგებო მდგომარეობის დროს, 2) კანონის უზენაესობის პატივისცემას და დემოკრატიული პრინციპების დაცვას საგანგებო სიტუაციებში, საგანგებო ღონისძიებების მასშტაბისა და ხანგრძლივობის შეზღუდვების ჩათვლით, 3) კრძალავს კონვენციით დაცული გარკვეული უფლებებიდან გადახვევას (მათ შორის წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი)) 4) წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს ზოგადად დანაშაულის, მათ შორის, გენდერზე დაფუძნებული ძალადობის მსხვერპლთა დაცვას.
COVID-19-ით გამოწვეული პანდემიით გამოწვეული შესაძლო საფრთხეების გამო, მრავალი ქვეყნის მსგავსად, საქართველოშიც გამოცხადებულ იქნა საგანგებო მდგომარეობა, რასთან დაკავშირებითაც მიღებულ იქნა გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები.
საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით 2020 წლის 23 აპრილს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი იყო საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის და შესაძლო ეპიდემიური/პანდემიური შემთხვევებისას მოსალოდნელი საფრთხის მაქსიმალურად თავიდან აცილება.
მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების წარდგენის მიზნად, განმარტებით ბარათში, აღნიშნულია სხვადასხვა ქვეყანაში ამ ვირუსით დაინფიცირებულ და დაღუპულ ადამიანთა რაოდენობის მუდმივი მატების შესახებ, თუმცა საქართველოში, ამ მხრივ, არსებულ ვითარებასთან მიმართებით გამოთქმულია მხოლოდ ვარაუდი შესაძლო ეპიდემიური/პანდემიური შემთხვევებისას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, რაც არ არის დასაბუთებული იმგვარად, რაც ობიექტურ პირს აფიქრებინდება დაწესებული შეზღუდვების პროპორციულობას და მიზანშეწონილობას. ამ თვალსაზრისით, სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის განმარტებითი ბარათი, ისევე როგორც, კანონში შეტანილი ახალი დანაშაულის შემადგენლობის შინაარსი არ არის განჭვრეტადი და ბუნდოვანია. ,,ნორმის ბუნდოვანების პირობებში, მისი გამოყენების პრაქტიკა რისკის მატარებელია. ისეთი საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც სამართალგამოყენებისას იწვევს შეცდომის რისკს, ეწინააღმდეგება კანონის სიზუსტისა და გამჭვირვალობის მოთხოვნას, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი კი კანონმდებელს ავალდებულებს მიიღოს ზუსტი, მკაფიო, არაორაზროვანი, განჭვრეტადი კანონმდებლობა (ნორმები), რომელიც პასუხობს კანონის განსაზღვრულობის მოთხოვნას“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასმაართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის №1/3/407 გადაწყვეტილება, პარ. 11,28.).
სისხლის სამართლის კოდექსის დებულებები უნდა იყოს მკაფიოდ და არაორაზროვნად ჩამოყალიბებული. იმ პირობებში, როცა განმარტებით ბარათში არ არის მკაფიოდ ფორმულირებული კანონმდებლის ნება, მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების არაგანჭვრეტადობა იძლევა მათი შინაარსის ფართოდ განმარტების შესაძლებლობას, რაც ეროვნულ საკანონდებლო დონეზე ტოვებს სივრცეს მათი ყოველგვარი დასაბუთების და არგუმენტირების გარეშე გამოყენებისთვის, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს ნორმის გამომყენებლის თვითნებობას.
სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ხსენებული ცვლილებების ბუნდოვანება, უმარტივებს სახელმწიფო ბრალდების მხარეს (მათ შორის შსს წარმომადგენლებს) სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესაძლებლობას, რასაც შესაბამისი კანონისმიერი პროცედურების დაცვის შემდეგ შესაძლოა მოყვეს პირის დაკავება, შემდგომ – დაპატიმრება. ასეთ შემთხვევაში ვიდრე არ გამოირიცხება პირის ქმედებაში მართლწინააღმდეგობა, მას შესაძლოა ხანგრძლივი ვადით მოუწიოს პატიმრობაში ყოფნა. ვინაიდან, მისი ქმედება (მაგ: ოთხ სულიანი ოჯახი შექმნილი უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გადაადგილდება პირადი ავტომანქანით) არის დაწესებული შეზღუდვების დარღვევა, თუმცა იმის გამო რომ ჩადენილი ქმედების ნიშნები ზუსტ შესაბამისობაში იქნება ამოქმედებულ ცვლილებებთან (ქმედებასთან), პირის სისხლისამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებული იქნება საგანგებო მდგომარეობისას დადგენილი აკრძალვების აღმასრულებელ პირთა კეთილ ნებაზე, რაც პირველ რიგში გამოიწვევს კანონის წინაშე პირთა თანასწორობის პრინციპის დარღვევას და იქნება მსუყე ნიადაგი კორუფციის წარმოშობა/განვითარებისთვის.
სწორედ ამ და სხვა მითითებული რისკების თავიდან ასაცილებლად, ,,აუცილებელია ნორმის შინაარსობრივი სიზუსტე, არაორაზროვნება. ნორმა უნდა იყოს საკმარისად განსაზღვრული არა მხოლოდ შინაარსის, არამედ რეგულირების საგნის, მიზნისა და მასშტაბების მიხედვით, რათა ადრესატმა მოახდინოს კანონის სწორი აღქმა და თავისი ქცევის განხორციელება მის შესაბამისად, განჭვრიტოს ქცევის შედეგები.
ამ მხრივ ნიშანდობლივია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოდროინდელი პრაქტიკა სისხლისამართლებრივი სასჯელების პროპორციულობასა და თანაზომიერებასთან მიმართებით, იმ პირობებში, როცა საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დროს იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისთვის, პირს შეიძლება უალტერნატივოდ დაეკისროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 6 წლამდე ვადით, როგორც მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩამდენს, უხეშად უსპობს სასამართლოს შესაძლებლობას პიროვნების პასუხისგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობის პირობებში განუსაზღვროს ვადიან თავისუფების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელი. ამასთან, განხორციელებული ცვლილებით სისხლის სამართლის კოდექსში ასახული სასჯელი – ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 6 წლამდე ვადით, არის არაპროპორციული ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც რეჟიმის დარღვევა არ იწვევს მნიშვნელოვან ზიანს. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის მეტად პროპორციული სასჯელის დაწესების აუცილებლობას და ნორმა საჭიროებს მეტ კონკრეტიზაციას რეჟიმის დარღვევის თანამდევ მნიშვნელოვან ზიანთან მიმართებით, რა დროსაც მეტად გამართლებული იქნება უკვე დაწესებული მკაცრი პასუხიმგებლობის გამოყენება.
ამდენად, არსებულმა მოცემულობამ, შესაძლოა წარმოშვას „ვენეციის კომისიის“ სახელით ცნობილ ევროსაბჭოს კონსტიტუციური ექსპერტების ჯგუფისადმი მიმართვის საფუძველი. მეტიც, სსკ-ის 359-ე პრიმა მუხლით მსჯავრდებული პირის მიერ, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოსადმი მიმართვისას, სასამართლომ შესაძლოა სანქციის სიმკაცრის, არაპროპორციულობის გათვალისწინებით დაადგინოს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა (წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა ან დასჯის აკრძალვა), რომლისგანაც გადახვევის კატეგორიულად აკრძალვის შესახებ ხაზგასმით აღნიშნულია 2020 წლის 7 აპრილის საინფორმაციო ფურცელში. ევროპული სასამართლოს მიერ, ახლო წარსულში მიღებულ გადაწყვეტილებებში გამოთქმულ მოსაზრებების გათვალისწინებით კი, ვერანაირი მიზანი ვერ გაამართლებს ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება კონვენციის უმნიშვნელოვანეს მოთხოვნებს – კანონიერებასა და თანაზომიერებას.
საბოლოოდ კი, ეს ყველაფერი ქვეყანას სამომავლო უხერხულობას უქადის და არ გამორიცხავს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც აშკარად წინააღმდეგობაშია ევროპულ სტანდარტებთან, საქართველოს ევროსაბჭოს წევრობის გადახედვის საფუძველი გახდეს.