საბანკო გარანტიის გამოყენების მართლზომიერების საკითხი პრეცენდენტული გადაწყვეტილების კონტექსტში

სახელმწიფო შესყიდვების ერთ-ერთი მიზანი მატერიალური რესურსის დაზოგვით მაქსიმალური შესყიდვის საგნის მიღებაა. დღეს სახელმწიფო შესყიდვები ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სფეროა და ის მოიცავს თითქმის ყველა მიმართულებას. შესაბამისად, ძალიან აქტუალურია სახელმწიფო შესყიდვებიდან წარმოშობილი დავებიც.
სახელმწიფო შესყიდვების ურთიერთობაში რამდენიმე სახის გარანტია გამოიყენება, რომელთა მიზანი მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. აღნიშნული გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნის მართლზომიერების საკითხი არაერთხელ გახდა დავის საგანი.

საბანკო გარანტიის გამოყენების მართლზომიერების საკითხზე სააპელაციო სასამართლოს საინტერესოგადაწყვეტილება მიიღო.

2017 წლის 17 აგვისტოს ააიპ თბილისის საბავშვოპ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და მიმწოდებელს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც,მიმწოდებელს შემსყიდველისთვის უნდა უზრუნველეყო სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვება და კვებითი მომსახურება, წინამდებარება ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. მიმწოდებლის მხრიდან შემსყიდველთან წარდგენილი იყო ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო,უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია. მოპასუხე მხარის პოზიციით, მიმწოდებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები და მან შემსყიდველს მიაწოდა ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამო პროდუქტი. შემსყიდველმა საქონლის სატენდერო მოთხოვნებთან შეუსაბამობა დაადგინა პროდუქტის ეტიკეტზე მოცემული პროდუქტის აღწერილობითა და შემადგენლობით, ხოლო სურსათის ეროვნულ სააგენტოს არ განუხორციელებია თავად პროდუქტის ლაბორატორიული კვლევა და არც საქმეში იკვეთებოდა რაიმე მტკიცებულება, რომლითად დასტურდებოდა არა თუ ეტიკეტზე მოცემული, არამედ თავად პროდუქტის შეუსაბამობა ხელშეკრულების მოთხოვნებთან მიმართებით.

პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხეს არ განუხორციელებია კონკრეტული და დასაბუთებული შედავება იმ ნორმებზე დაყრდნობით, რომლებითაც მყიდველს შეუძლია ისარგებლოს ნაკლიანი შესრულების დროს.

პალატამ განმარტა, რომ ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის მთავარ მიზანს შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირება წარმოადგენს.მსგავსი გარანტია ემსახურება, დამკვეთის მხრიდან საკონტრაქტო ფასის შესაბამისი სრული მომსახურების მიღებას და იმ დანაკარგის კომპენსაციას, რაც შეიძლება წარმოიშვას კონტრაქტის არასათანადო შესრულებით. ის, ასევე,ფარავს იმ რისკს,რაც დაკავშირებულია მიწოდებულ პროდუქციაში დეფექტების აღმოჩენასთან. ამდენად, შესრულების საბანკო გარანტია წარმოადგენს არასათანადო შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მაკომპენსირებელ საშუალებას და მისი ჯარიმის – სანქციის ფორმით გამოყენება საბანკო გარანტიის მიზანთან მოდის წინააღმდეგობაში. სააპალაციო პალატის მოსაზრებით, მხოლოდ მოთხოვნის უფლების არსებობა, იმგვარი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, როგორიც საბანკო გარანტიაა არ აძლევს ბენეფიციარს უფლებას უპირობოდ აინაზღაუროს თანხა, ამ შემთხვევაში მას ეკისრება მეორე მხარის ქონებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულების გამოჩენა(სკ-ის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილი)… ამ კონკრეტულ შემთხვევაში შესრულების ნაკლი (ფულადი გამოხატულებით რამდენიმე ათეული ლარი) იმდენად უმნიშვნელოა ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებად მისი განხილვა სამართლებრივად დაუსაბუთებელია… პალატამ არასამართლებრივად მიიჩნია ამ დარღვევის გამო საბანკო გარანტიის გამოყენება.პალატამ დააკისრა ბენეფიციარს უსაფუძვლოდ ათვისებული საბანკო გარანტიის თანხის გადახდა მიმწოდებლისათვის დაბრუნება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა საქართველოს უზენესი სასამართლოს განჩინებით. საკასაციო პალატამ გაიზიარა, რომ არაჯეროვანი შესრულების შეფასების დროს მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების მოცულობა, შესასრულებელი სამუშაოს კომპლექსურობა, შემსრულებლის მიერ ვალდებულების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შესრულება და რა თქმა უნდა, შესრულების ნაკლის სიმძიმე…განსახილველ შემთხვევაში, შესრულების ნაკლი (ფულად გამოხატულებაში რამდენიმე ათეული ლარი) იმდენად უმნიშვნელოა ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით, რომ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად მისი განხილვა სამართლებრივად დაუსაბუთებელია…. შესაბამისად, უმართებულო იყო ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საბანკო გარანტიის გამოყენება. სსკ-ის 991-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაცგათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული…. საბანკო გარანტიის საფუძველზე ბენეფიციარის მიერ მიღებული თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად სსკ-ის 991-ე მუხლი იქნა მიჩნეული.
აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია მიმწოდებლის ინტერესების დაცვისათვის. ასობით შემთხვევაში ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის გამოყენება ხდებოდა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების უმნიშვნელო დარღვევისას. ამავე დარღვევის გამო შემსყიდველი საბანკო გარანტიასთან ერთად მოითხოვდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხელოს დაკისრებას.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებით საბანკო გარანტიასთან დაკავშირებით დაადგინა მნიშვნელოვანი პრაქტიკა, რის შესახებ იურისტები წლების მანძილზე საუბროდნენ. იმედია, შემსყიდველთა მხრიდან მოხდება აღნიშნული პრაქტიკის გაზიარება და მიმწოდებელთა ინტერესის გათვალისწინებით არათანაზომიერი საჯარიმო სანქციის გამოყენებაზე უარის თქმა.

მარიამ სიჭინავა
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის გამგეობის წევრი