gia_poladishvili

სააღსრულებო წარმოების აუქციონის შესახებ

2019 წლის 14 ნოემბერის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ზურაბ სვანიძის სარჩელის საფუძველზე არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-8 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად ჩატარებული პირველი აუქციონისა და ორი განმეორებითი აუქციონის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში, იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან ქონების გათავისუფლებას და ამ ქონებაზე იმავე მოთხოვნასთან დაკავშირებით იმავე კრედიტორის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოების განხორციელების აკრძალვას.
მოსარჩელის მითითებით თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, მოვალეებს დაეკისრათ თანხის გადახდა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროში მიმდინარეობს არაერთი სააღსრულებო წარმოება სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით. მოვალის სახელზე რიცხულ კონკრეტულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია ყადაღა კრედიტორთა, მათ შორის, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით. მოსარჩელის აღნიშვნით, თუკი აღნიშნული უძრავი ქონება პირველ და ორ განმეორებით აუქციონზე არ გაიყიდა, ის გათავისუფლდება ყადაღისგან და კრედიტორის ამ ქონებიდან დაკმაყოფილება ვეღარ მოხდება.
მოსარჩელის არგუმენტაციით, სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვანი კომპონენტია სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტური აღსრულების შესაძლებლობა. სამართლიანი სასამართლოს უფლების სრულყოფილი რეალიზაციისთვის აუცილებელია გარანტიები, რომლებიც უზრუნველყოფს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების დროულ და ჯეროვან აღსრულებას. თუმცა, მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმით დადგენილი რეგულირება, რომლის შესაბამისადაც, დადგენილი წესით ჩატარებულია უქციონის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისგან დაუბრუნდება მოვალეს, აბრკოლებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობას.
ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შემთხვევაში, მოვალეს შეუძლია, საკუთარი სურვილისამებრ განკარგოს, უფლებრივად დატვირთოს ნივთი. ამდენად, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება უთანაბრდება მოვალის გათავისუფლებას სასამართლოს გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებისაგან. მისი პოზიციით, ბალანსი დაპირისპირებულ ინტერესებს შორის დაცული იქნებოდა, თუ დადგენილი წესით ჩატარებული სამი აუქციონის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში, ქონება, მოვალის ნაცვლად, გადავიდოდა კრედიტორის საკუთრებაში.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-8 პუნქტის პირველი და მეორე წინადადება ითვალისწინებდა შემდეგს: თუ დადგენილი წესით ჩატარებულია უქციონი, რომელიც შედგება პირველი აუქციონისა და ორი განმეორებითი აუქციონისაგან, უშედეგო აღმოჩნდა და ქონება არ გაიყიდა, ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციისგან მახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან. ამ ქონებაზე იმავე მოთხოვნასთან დაკავშირებით იმავე კრედიტორის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოება აღარ განხორციელდება.
აღნიშნულ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ნორმით დადგენილი წესის გათვალისწინებით, მესაკუთრეს ეძლევა სამართლებრივი შესაძლებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებული ვალდებულების არსებობის მიუხედავად, საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს/უფლებრივად დატვირთოს ქონება, რომელიც აღმასრულებლის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით იქნა დაყადაღებული. უფრო მეტიც, სადავო რეგულირების მიხედვით, იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის იმავე მოთხოვნასთან დაკავშირებით, მომავალშიც გამოირიცხება ამ ქონებაზე სააღსრულებო წარმოების განხორციელება. შესაბამისად, მოვალის საკუთრებაში ქონების არსებობის მიუხედავად, დადგენილი წესით ჩატარებული აუქციონის უშედეგოდ დასრულების გამო, ამ ქონების კრედიტორის სასარგებლოდ იძულებით აუქციონზე გატანა ან/და მისი რეალიზაციის შემთხვევაში ამონაგები თანხიდან კრედიტორის დაკმაყოფილება პერსპექტივაშიც გამოირიცხება. ამავდროულად, დადგენილი წესით ჩატარებულ აუქციონზე ქონების რეალიზების შეუძლებლობა არ გულისხმობს, რომ ამ ქონებას ღირებულება არ გააჩნია და მისი მეშვეობით კრედიტორის კანონით დადგენილი წესით აღიარებული მოთხოვნის დაკმაყოფილების a priori შეუძლებელია. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის 81 პუნქტის შესაბამისად, თუ ქონების საბაზრო ღირებულება 5000 ლარზე ნაკლებია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ტარდება მხოლოდ ერთი აუქციონი. სადავო ნორმა კი არეგულირებს სამი აუქციონის უშედეგოდ დასრულების სამართლებრივ შედეგებს. შესაბამისად, შეეხება იმ ქონების აუქციონზე რეალიზების საკითხს, რომლის საბაზრო ღირებულება 5000 ლარი ან მეტია. მაშასადამე, ქონებას, რომლის სამ აუქციონზე რეალიზებაც ვერ მოხდა, შესაძლოა, მაღალი ღირებულება ჰქონდეს და კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მნიშვნელოვანი, ზოგ შემთხვევაში კი, ერთადერთი წყარო იყოს.

ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ სადავო რეგულირება ასევე ვრცელდება უზრუნველყოფილი მოთხოვნის უფლების მქონე კრედიტორზე, კერძოდ, იპოთეკარის/მოგირავნის სასარგებლოდ იპოთეკით ან გირავნობით დატვირთული ქონების აუქციონზე უშედეგოდ რეალიზების შემთხვევებზე. უზრუნველყოფილი მოთხოვნის შემთხვევაში კი, ზოგადი წესის შესაბამისად, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის/იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იმ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომლის უზრუნველყოფის საშუალებადაც გირავნობა/იპოთეკა არის გამოყენებული (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილი და ამავე კოდექსის 301-ე მუხლის 11 ნაწილი). მაშასადამე, ასეთ შემთხვევაში ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება და მასზე შემდგომი სააღსრულებო წარმოების განუხორციელებლობა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარის თქმას უთანაბრდება. შესაბამისად, უზრუნველყოფილი კრედიტორის მოთხოვნის აღსრულების შემთხვევაში, სადავო ნორმა ადგენს უფლებაში უფრო მაღალი ინტენსივობით ჩარევას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო რეგულირება, რომელიც გამორიცხავს მოვალის აქტივების კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების სასარგებლოდ გამოყენებას, აფერხებს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას და ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე მიმდინარეობს მუშაობა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით.

http://constcourt.ge/ge/legal-acts/judgments/25879zurab-svanidze-saqartvelos-parlamentis-winaagmdeg.page
გია ფოლადიშვილი
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის
გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე