დღეს ჩემი თავისუფალი ბლოგის სტუმარი, იურისტი, სოფო ხუციშვილია. ვინც კი სოფოს იცნობს ყველა დამეთანხმება, რომ სოფო არის ყველაზე მიზანსწრაფული, შრომისმოყვარე და მებრძოლი გოგო! მისი ბავშვობის სურვილი გამხდარიყო ადვოკატი იმდენად ძლიერი იყო, რომ ყველანაირი სირთულე გადალახა და მიაღწია თავის მიზანს. თუმცა ამ ეტაპიდან მას ახალი გამოწვევები ელის. მინდა გაგაცნოთ ადამიანი რომელიც შთაგაგონებს და გმატებს ენთუზიაზმს აკეთო შენი შესაძლებლობის მაქსიმუმი.
– სოფო პირველ რიგში მოგესალმები, როგორი იყო შენი პირველი ნაბიჯები უნივერსიტეტში და რა იყო შენთვის მთავარი სირთულე?
1. მოგესალმები და მივესალმები თქვენს მკითხველებს! ალბათ დამეთანხმები ნებისმიერი ადამიანის პირველი ნაბიჯები, მოხვედრა მისთვის ახალ სივრცესში, სრულიად ახალ გარემოში გარკვეული სახის სირთულეებთან არის დაკავშირებული. ჩემ შემთხვევაშიც რა თქმა უნდა იყო სირთულეები, თუმცა უფრო გულწრფელი უნდა ვიყო და ვთქვა, რომ ამ სირთულეებს ახლდა სხვა სახის ბარიერებიც. თავდაპირველად ვიტყვი იმას, როდესაც გავიგე, რომ ჩავირიცხე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ძალიან გამეხარდა, რადგან მის შესახებ ბევრი კარგი ინფორმაცია მქონდა, ამიტომაც გადავწყვიტე ამ უნივერსიტეტში დამეწყო სწავლა. მოლოდინი მქონდა სასიამოვნო რადგან ვიცოდი, რომ ჩემთვის უსაყვარლეს პროფესიას დავეუფლებოდი ძალზედ კვალიფიციური ლექტორების დახმარებით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გამართლდა ეს მოლოდინები. უნდა ვაღიარო, რომ სასიამოვნო მოლოდინებთან ერთად მქონდა ღელვა და ცოტას ვნერვიულობდი კიდეც. ყოველივე ეს გამოწვეული იყო იმ სტერეოტიპების არსებობით, რაც სამწუხაროდ ჩვენ საზოგადოებაშია დამკვიდრებული, კერძოდ, თუ ადამიანს აქვს რაიმე სახის პრობლემა, მაგალითად: ვერ ხედავს ან ეტლით მოსარგებლეა და ა.შ. რატომღაც საზოგადოების დიდ ნაწილს ვერ წარმოუდგენია თუ როგორ უნდა შეძლოს ამ ადამიანმა ზემოაღნიშნულ პრობლემებთან ერთად სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრება. ალბათ, ბევრ შენ მკითხველს არ ეცოდინება ის ფაქტი, რომ მე ვერ ვხედავ. ბავშვობაში, 4 წლისას საბოლოოდ დავკარგე მხედველობა ექიმების არასწორი მკურნალობის შედეგად. საბედნიეროდ, გამიმართლდა ოჯახში. მათ გაიაზრეს ის რომ ცხოვრება არ დასრულებულა, ცხოვრება უნდა გაგრძელებულიყო ჩვეული ტემპით და მადლობა მათ ამისთვის. ჩემი მშობლები სულ იმას ცდილობდნენ რაც შეიძლება მეტად დამოუკიდებელი ვყოფილიყავი, მაჩვევდნენ პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღებას და მასწავლიდდდნენ რომ ჩემი პრობლემები თავად მე უნდა გადამეჭრა და სხვას არავის. პირველ რიგში საკუთარი თავის იმედი უნდა მქონოდა. ყოველივე ეს იმიტომ მოვყევი რომ უნივერსიტეტში მისვლისას ძალიან დამეხმარა. დამეხმარა იმიტომ რომ შევხვდი საზოგადოების სხვადასხვა კატეგორიას: კერძოდ, ზოგი ინფორმაციის ნაკლებულობას განიცდიდა ბევრ რაღაცასთან დაკავშირებით, ,თუნდაც მაგალითისათვის მათ არ იცოდნენ რომ არსებობს ხმოვანი პროგრამა, რომლის დახმარებითაც შეიძლება ლეპტოპისა და ტელეფონის გამოყენება. ზოგმა უბრალოდ არ იცოდა როგორ დაემყარებინა ურთიერთობა და ზოგსაც არაჯანსაღი დამოკიდებულება გააჩნდა. უფრო კონკრეტულად შეურაცხმყოფელი ფრაზებითაც კი გამოირჩეოდნენ. დამეთანხმები ასეთ გარემოში სწავლა არც თუ ისეთი კომფორტული იქნებოდა, თუმცა დანებება ჩემი სტილი არაა. არასდროს ვნებდები, რადგან მიმაჩნია თუ დავნებდი ამით არც საკუთარი თავის წინაშე, არც ჩემი სურვილების, არც ჩემი მიზნებისა და არც ჩემი პრინციპების წინაშე არ ვიქნები მართალი. ასე რომ ყოველთვის ვცდილობ მაქსიმუმი გავაკეთო იმისათვის რაც მინდა. ვფიქრობ, ადამიანმა ყველა შესაძლო გზა უნდა მოსინჯოს თავისი მიზნის განსახორციელებლად, თუნდაც სასურველი შედეგი ვერ მიიღოს, არა უშავს, სასაყვედურო მაინც არ ექნება თავის თავთან ნეტა ყველაფერი რატომ არ ვცადეო. ჩემმა არდანებებამ შედეგი ნამდვილად გამოიღო, პირველ რიგში დავეუფლე მე ჩემ პროფესიას და მეორე მხრივ, ჩემი იქ ყოფნით ბევრ მათგანს, ვისთანაც კი მქონდა ურთიერთობა, რადიკალურად შეეცვალა დამოკიდებულება და შეხედულებები რიგი საკითხების მიმართ. ბედნიერი ვარ იმით, რომ ბევრი კარგი მეგობარი შემძინა უნივერსიტეტმა პროფესიასთან ერთად. რაც შეეხება თითონ სასწავლო პროცესს ვერ ვიტყვი, რომ დიდი სირთულეები შემხვდა ბევრი ფაქტორის გამო. პირველ რიგში სკოლიდანვე მიჩვეული ვიყავი იმ ბარიერებს, რასაც სწავლის პროცესში ვაწყდებოდი, ასე რომ უნივერსიტეტშიც ახალი არაფერი არ დამხვედრია ანუ ის ბარიერები რაც მხვდებოდა ჩემთვის ნაცნობი და დაძლევადი იყო. ასევე, უნდა აღინიშნოს ლექტორების დამოკიდებულება, ძალიან სწორი და ადეკვატური ჰქონდათ. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა მუდამ ცდილობდა, რომ კომუნიკაცია ჰქონოდათ, რაც ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის.
– ამის შემდგომ შენ სწავლა განაგრძე და გახდი სამართლის მაგისტრი…
– დიახ, ბაკალავრი დავასრულე თუ არა მაშინვე გადავწყვიტე დრო არ დამეკარგა და მაგისტრატურაზე ჩამებარებინა. სამართალზე სწავლას რომ ვიწყებდი ვფიქრობდი სისხლის მიმართულებით წავიდოდი, მაგრამ აღმოჩნდა ის რომ სწავლის პროცესში გავაცნობიერე მე და სისხლის სამართალი გარკვეულ წინააღმდეგობებში მოვიდოდით ერთმანეთთან და ასე რომ ჩემი მთელი კონცენტრაცია გადავიტანე სამოქალაქო სამართლისკენ, შესაბამისად მაგისტრატურაც კერძო მიმართულებით დავამთავრე. ვინც მიცნობს ყველამ იცის, რომ ბავშვობიდან ჩემი ერთადერთი ოცნება, ერთადერთი მიზანი, ერთადერთი სურვილი იყო გავმხდარიყავი ადვოკატი. იქიდან მოყოლებული, როდესაც გავიაზრე რომ მსურდა ადვოკატობა, ყველა ჩემი ნაბიჯი, ყველა ჩემი მოქმედება მიმართული იყო იმისკენ, რომ რაც შეიძლება მეტად დავაახლოვებოდი ამ პროფესიას.
– შენს ოცნებასთან კიდევ ერთი ნაბიჯით ახლოს, ანუ საადვოკატო გამოცდის წარმატებით ჩაბარება, რას ნიშნავდა ეს შენთვის?
– საადვოკატო გამოცდა. ხშირად მიფიქრია მასზე, ეს ხომ ის მთავარი ნაბიჯი იყო, რომელიც საბოლოოდ დამაკავშირებდა ჩემთვის უსაყვარლეს პროფესიას. 2018 წლის 8 დეკემბერიც დადგა, დღე როდესაც ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი თუ არა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდა უნდა ჩამებარებინა.
გულწრფელად რომ ვთქვა, ასე არცერთი გამოცდის წინ არ მინერვიულია. ჩაჭრის გამო კი არ ვნერვიულობდი, არამედ იმაზე რომ შეიძლებოდა ვერ ჩაბარებით გარკვეული დროით გადაიდებოდა ჩემი და ადვოკატის პროფესიის საბოლოო კავშირი, თუმცა საბედნიეროდ ნერვიულობა უსაფუძვლო აღმოჩდა და მე ესეც შევძელი ჩავაბარე ეს გამოცდაც. რას ნიშნავდა ჩემთვის საადვოკატო გამოცდის ჩაბარება? უზომოდ დიდ ბედნიერებასთან ერთად ვგრძნობდი და ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას იმ ადამიანების წინაშე, რომელთა ინტერესებსაც წარმოვადგენ ჩემი საქმიანობის დროს.
თავს არ დავზოგავ, რომ ვიყო ღირსეული ადვოკატი და ყოველთვის ჩემ მაქსიმუმს გავიღებ იმისათვის, რომ რაც შეიძლება ნაკლებ კლიენტს გავუცრუო იმედი.
– პირველი სასამართლო პროცესი…
– ამ შემთხვევაშიც გულწრფელი ვიქნები და ვაღიარებ რომ ძალიან, ძალიან მეშინოდა. ვიაზრებდი იმას, რომ სასამართლოს არც თუ ისე ხშირად ჰქონია შემთხვევა პროცესზე ჰყოლოდა ადვოკატი, რომელიც ვერ ხედავს, შესაბამისად არ ვიცოდი რა დამხვდებოდა, რა სახის დაბრკოლებების დაძლევა მომიწევდა. პროცესი რომ დაიწყო საკუთარ თავს ვუთხარი ახლა შიშის დრო არაა-მეთქი, გავიაზრე რომ ყოველი წუთი, ყოველი სიტყვა თუ როგორი მნიშვნელოვანი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი კლიენტისათვის, გამახსენდა ის პასუხისმგებლობა, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდი. ყოველივე ამის შემდეგ მთელი შემართებით დავიწყე და ძალიან თავისუფლად, ისე თავისუფლად ვიყავი ჩემი თავის მეც კი გამიკვირდა. ასევე უნდა აღინიშნოს რომ საკმაოდ ჯანსაღი დამოკიდებულება ჰქონდათ მოსამართლესაც და მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატსაც, რაც ძალზედ სასიამოვნო იყო ჩემთვის. საკმაოდ დაძაბული პროცესი გამოდგა, ორივე მხარის ადვოკატები მაქსიმალურად ვცდილობდით დაგვეცვა ჩვენი კლიენტების ინტერესები. ამ დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს როცა პროფესიას სწორად ირჩევ. როცა გიყვარს შენი საქმე, რაც არ უნდა რთული და დამღლელი იყოს ის ბოლომდე უნდა უერთგულო მას. ძალისხმევის არ დაკლება სასურველი შედეგის მისაღებად და პროფესიის სწორი არჩევა შენი საქმიანობის ხარისხზეც აისახება. ნამდვილად რომ ვამაყობ მე ჩემი არჩევანით. ვფიქრობ, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო, როდესაც ადვოკატობა გადავწყვიტე, უბრალოდ სხვა ამპულაში, გარდა ადვოკატობისა მე ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია.
– სოფო ძალიან დიდი მადლობა რომ იყავი ჩვენი ბლოგის სტუმარი, დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ადამიანისთვის, მათ შორის ჩემთვის შენ ხარი მაგალი როგორ უნდა ვაქციოთ ჩვენი სისუსტე ჩვენივე სიძლიერედ და გავაგრძელოთ სწრაფვა ჩვენი მიზნების განსახორციელებლად! ჩვენი მკითხველისთვის აქვე დავაანონსებ, რომ სოფო ხუციშვილი და საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის ძალიან მალე შემოგთავაზებ უაღრესად საინტერესო ერთობლივ პროექტს, თვალი ადევნეთ ჩვენს სიახლეებს.
ავტორი:
მარიამ სიჭინავა
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის
ორშ-პარ : 09:00 - 18:00
შაბათი : 09:00 - 14:00
კვირა : დასვენება
მიმღები ბანკი: სს თიბისი ბანკი
ანგარიში: GE75TB0000000777333
მიმღები: ააიპ საქართველოს ადვოკატები
დამოუკიდებელი პროფესიისთვის
Copyright 2024 Glip - ყველა უფლება დაცულია