2020 წლის 7 თებერვალს საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდა საკონსტიტუციო სარჩელი N1481, რომელიც ეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის (სარჩელისწარმოებაში მიღებაზე უარის თქმა) არაკონსტიტუციურად ცნობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოქმედი რედაქციის 186-ე მუხლი არეგულირებს პირველი ინსტანციის მოსამართლის მიერ სამოქალაქო სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის უფლებას. მოცემულ შემთხვევაში საქალაქო (რაიონული) სასამართლოს მოსამართლეს უფლება აქვს, საქმის ზეპირი და მთავარ სხდომაზე განხილვის გარეშე, უარი თქვას სამოქალაქო სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოქმედი რედაქციის 186-ე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ: სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით ან/და არარსებობს მოსარჩელის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი გადახდის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების საფუძველი.
მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლი ანიჭებს საქალაქო (რაიონული) სასამართლოს მოსამართლეს დისკრეციულ უფლებას, საკუთარი ცალმხრივი შეხედულებისამებრ უარი თქვას სარჩელის განსახილველად მიღებაზე და სარჩელი თანდარულ მასალებთან ერთად დაუბრუნოს მოსარჩელეს. მოსარჩელეს უფლება აქვს სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის განჩინება გაასაჩივროს კერძო საჩივრით ზემდგომ სასამართლოში, რაც დაკავშირებულია დამატებით საჩივრის განხილვის 2 თვიან ვადასთან სააპელაციო სასამართლოს მიერ.
თითეული ადვოკატის პრაქტიკაში არაერთია საპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც დაკმაყოფილდა კერძო საჩივარი და საქალაქო (რაიონულ) სასამართლოს დაევალა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე ხელახლა მსჯელობა. თუმცა პრობლემის აღმოფხვრა ამით არ ხდება. საქალაქო (რაიონული) სასამართლოს მოსამართლეს უფლება აქვს, კვლავ უარი თქვას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე სხვა საფუძვლით, რაც არ ყოფილა ნახსენები თავდაპირველ განჩინებაში.
ბუნებრივია, საქალაქო (რაიონული) სასამართოს ამგვარი მოქმედება აჭიანურებს საქმეთა წარმოების პროცესს, ხელს უწყობს სასამართლოების გადატვირთულობას საქმეთა სიმრავლის გამო. ამასთან, იგი ეწინააღმდეგება სასამართლოს ეკონომიურობისა და სასამართლოს ხელმისაწვდომობის პრინციპს. ერთი მხრივ, სასამართლო ხარჯავს საკმაოდ დიდრესურსს, რაც გულისხმობს შესაბამისი განჩინების მხარისათვის გაგზავნას და მასალების მხარისათვის გადაცემას, რასაც მოყვება სარჩელის ხელახლა შეტანა და სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული კვლავ იგივე პროცედურის განმეორება მოხდეს.
მეორე მხრივ, მოსარჩელეს უწევს შესაბამისი განჩინების ჩაბარება და იძულებით მის გასაჩივრებაზე უარის წერილობით თქმა (დროის ეკონომიის გამო), რის შემდეგაც 3 სამუშაო დღის ვადაში დაიბრუნებს სარჩელს, თანდართულ მასალებს და ხელახლა შეიტანს სარჩელს. თუმცა, მოქალაქის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის უზრუნველყოფილი, ვინაიდან სასამართლო უფლებამოსილია, კვლავ უარი თქვას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე სულ სხვა საფუძვლით. ასეთ შემთხვევაში მოქალაქეს რჩება გზა, ან კვლავ დაიბრუნოს სარჩელი და ხელახალი სარჩელის გზით ეცადოს სასამართლოს ხელმისაწვდომობის გზის პოვნა, ან კერძო საჩივრის გზით გაასაჩივროს განჩინება, რის გახილვასაც სააპელაციო სასამართლო უზრუნველყოფს მინიმუმ 2 თვის ვადაში. ეს პროცესი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს მოსარჩელისათვის. ამ პერიოდში არ ხდება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. შესაბამისად, მოპასუხეს უფლება აქვს გასხვისოს აქტივება განკარგოს ქონება ან/და შეაჩეროს საქმიანობა. შესაბამისად მოსარჩელე შეიძლება აბსოლუტურად უპერსპექტივო სარჩელის ამარა დარჩეს.
აღნიშნულის გარდა, მიგვაჩნია, რომ სასამართლოს მოქმედება ცალსახად არღვევს შეჯიბრებითობის პრინციპს. მოსარჩელეს თავად აქვს უფლება, აირჩიოს სტრატეგია და მტკიცებულებები, რომლებზეც აფუძნებს მოთხოვნას. სასამართლო სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმით ეხმარება მოსარჩელეს სარჩელის სწორად ჩამოყალიბებაში და აძლევს ერთგვარ უპირატესობას მოპასუხესთან მიმართებით. აღნიშნული არღვევს სამოქალაქო სამართლწარმოების პრინციპს.
უდავოა, რომ ყოველივე ზემოხსენებული ეწინააღმდეგება სასამართლოს მიერ მართლმსაჯულების განხორციელების არსს. ფაქტია, რომ სახეზეა სამოსამართლეო საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმა და ამით ირღვევა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი.
ავტორი:
გია ფოლადიშვილი
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის
ორშ-პარ : 09:00 - 18:00
შაბათი : 09:00 - 14:00
კვირა : დასვენება
მიმღები ბანკი: სს თიბისი ბანკი
ანგარიში: GE75TB0000000777333
მიმღები: ააიპ საქართველოს ადვოკატები
დამოუკიდებელი პროფესიისთვის
Copyright 2026 Glip - ყველა უფლება დაცულია