glip

ახალი კანონი „მეწარმეთა შესახებ“ – ევროპასთან დაახლოვების და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისკენ წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი

2020 წლის 13 აგვისტოს წარდგენილი ,,მეწარმეთა შესახებ’’ კანონის ახალი პროექტი მიზნად ისახავს საკანონმდებლო ბაზის სრულყოფას, შიდა საკორპორაციო ურთიერთობების უფრო დეტალურ მოწესრიგებას, სამეწარმეო თავისუფლების ხელშეწყობას და ამ სფეროში გამჭვირვალობის ზრდას. ასევე კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირებული ხელშეკრულების შესრულების მკაფიო გამოხატულებაა.
საქართველოს პარლამენტის მიერ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ახალი რეგულაციები ძალაში 2021 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა შესულიყო.

,,მეწარმეთა შესახებ’’ კანონის მოქმედმა რედაქციამ, მიუხედავად 2008 წელს მასში განხორციელებული ცვლილებებისა და სიახლეებისა, მაინც მოუწესრიგებელი დატოვა არაერთი საკითხი, რაც თანამედროვე სამეწარმეო საზოგადოებისა და კორპორაციული სისტემის განვითარებისთვის აუცილებელია. სწორედ აქედან გამომდინარე აწესებს ახალი პროექტი მეწარმე სუბიექტებისთვის მთელ რიგ ახალ მოთხოვნებს და სთავაზობს არაერთ პროგრესულ სიახლეს, კერძოდ კანონში შემოდის ისეთი ნორმები, რომელთა გამოყენებითაც მხარეები შეძლებენ უკეთ მოაწესრიგონ საკორპორაციო ურთიერთობები, ცალკეული საკითხის წესდებით მოუწესრიგებლობის შემთხვევებისთვის კი – იარსებებს შესაბამისი ნორმატიული ბაზა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ის საკანონმდებლო სიცარიელე, რომელიც დღეისათვის ხელს უშლის, ერთი მხრივ, ამ ურთიერთობის მონაწილეებს, ხოლო მეორე მხრივ სასამართლოს – სადავო საკითხების სათანადოდ განხილვასა და გადაწყვეტაში. კანონპროექტით შემოთავაზებული მთელი რიგი ნორმებისა, ერთი მხრივ, საწესდებო ავტონომიის პრინციპს გაამყარებს, მეორე მხრივ კი, მარეგულირებელ ფუნქციას შეასრულებს ამგვარი ავტონომიით სარგებლობის პროცესში.

მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს კრიტერიუმების დადგენა, რომელთა მიხედვითაც განისაზღვრება კანონპროექტის იმპერატიული და დისპოზიციური (არასავალდებულო, არაიმპერატიული) ნორმები.
მაგალითად: სააქციო საზოგადოებების შემთხვევაში მხოლოდ ის ნორმაა დისპოზიციური, რომელიც პირდაპირ მიუთითებს აქციონერების მიერ სააქციო საზოგადოებისთვის სხვაგვარი რეგულაციის შეთანხმების შესაძლებლობაზე. სხვა სამეწარმეო საზოგადოებების შემთხვევაში კი დისპოზიციურია ყველა ნორმა, გარდა იმ ნორმებისა, რომლებიც უშუალოდ ეხება მესამე პირთა ინტერესებს.
ზემოაღნიშნული რეგულაციები მნიშვნელოვნად გააადვილებს პრაქტიკაში იმ ნორმების იდენტიფიცირებასა და შინაარსის ერთგვაროვნად გაგებას, რომლისგან განსხვავებულად რეგულირებაც წესდებით თუ პარტნიორთა შორის სხვაგვარი შეთანხმებით არის შესაძლებელი.

კანონპროექტით შემოთავაზებულია რეგულირების განსხვავებული მეთოდი ისეთ ძირეულ საკითხებზე, როგორიცაა:

* საზოგადოების დაფუძნება
კანონპროექტის მიხედვით, სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციისთვის საჭიროა ერთიანი დოკუმენტის –„სადამფუძნებლო შეთანხმების“ წარდგენა. ,,სადამფუძნებლო შეთანხმება’’ არის დოკუმენტი, რომელიც მოიცავს, როგორც კანონით განსაზღვრულ პროცედურებს, ისე საზოგადოების წესდებას. რაც შეეხება უშუალოდ წესდებას (რაც დღესდღეობით რეგისტრაციის წინაპირობაა), პროექტის მიხედვით, უნდა მოიცავდეს 3 აუცილებელს მონაცემს: (1) საზოგადოების საქმიანობის სამართლებრივ ფორმას, (2) საქმიანობის საგანსა და (3) წილზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს (არსებობის შემთხვევაში). აღნიშნული მინიმალური რეგულაციების მიღმა პარტნიორები თავისუფალი არიან წესდების შინაარსის განსაზღვრაში. სტანდარტული წესდების ინსტიტუტი ერთ-ერთ საუკეთესო ბრიტანულ პრაქტიკას ემყარება და ის მიზნად ისახავს სადამფუძნებლო ხარჯების შემცირებას და შესაძლო კონფლიქტური თუ კოლიზიური ფაქტების მოწესრიგებას, რომლებიც კანონით არ არის პირდაპირ განსაზღვრული და მრავალი სამართლებრივი დავის წარმოშობის მიზეზი ხდება. რაც შეეხება მარეგისტრირებელი ორგანოს ფუნქციებს რეგისტრაციის პროცესში – იგი პასუხს აგებს წარდგენილი მონაცემებისა და დოკუმენტაციის შესაბამისობასა და დაცულობაზე. დოკუმენტაციის ნამდვილობასა და შინაარსობრივ მხარეზე პასუხისმგებელია მხოლოდ მათი შემქმნელი პირი.

* საფირმო სახელწოდება და საქმიანი წერილი
სიახლეს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტის საფირმო სახელწოდებასთან და ფილიალის დაარსებასთან დაკავშირებული საკითხები. კანონპროექტი გვთავაზობს ინდ. მეწარმის, ისევე როგორც ყველა სამეწარმეო საზოგადოების სახელწოდებად ფანტაზიის ნაყოფის გამოყენების შესაძლებლობას და აღარ მოიაზრებს ინდ. მეწარმის შემთხვევაში მისი ან პერსონალურად პასუხისმგებელი პირის სახელწოდების მითითებას. კანონპროექტი აზუსტებს, რომ საფირმო სახელწოდება არ უნდა ემთხვეოდეს უკვე რეგისტრირებული მეწარმის საფირმო სახელწოდებას.
ეს წესი შეეხება კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებს და უკვე რეგისტრირებული მეწარმე სუბიქტების მიერ სახელის შეცვლას. ამავდროულად, სავალდებულო გახდა სახელწოდების ქართულ ენაზე გამოსახვა.
დღესდღეობით, მოქმედი კანონმდებლობით, ფილიალი შესაძლოა გააჩნდეს მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოს. კანონპროექტის მიხედვით კი ფილიალი შესაძლოა გააჩნდეს, როგორც სამეწარმეო საზოგადოებას, აგრეთვე ინდ. მეწარმეს, რეგისტრირებულს, როგორც საქართველოში, აგრეთვე საზღვარგარეთ.
კანონპროექტი აწესებს იმ მინიმალურ ინფორმაციას, რომელიც საქმიან წერილზე და საზოგადოების ვებგვერდზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა იქნეს დატანილი.

* საზოგადოების კაპიტალი
კანონპროექტის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს შპს-ში კაპიტალის მოზიდვის გამარტივება. შპს ემსგავსება ანგარიშვალდებულ საწარმოს, რომელსაც შესაძლებლობა აქვს გამოუშვას როგორც ნომინალური ღირებულების, ისე ნომინალური ღირებულების არმქონე წილები. ამრიგად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება გახდება გაცილებით მოქნილი და მის ხელთ იქნება კიდევ მეტი კაპიტალის მოზიდვის ინსტრუმენტების სიმრავლე, რაც დამატებითი სტიმული იქნება მეწარმე სუბიექტებისთვის შემდგომი განვითარებისთვის.

* საზოგადოების ორგანოები
კანონპროექტი ადგენს ყველა ფორმის სამეწარმეო საზოგადოების ორგანოებთან – პარტნიორთა კრებასთან, სამეთვალყურეო საბჭოსთან, ხელმძღვანელ ორგანოებთან – დაკავშირებულ ზოგად წესებს, რაც კარგი შესაძლებლობაა მეწარმეებისთვის, რათა თავიდან აირიდონ ნაკლებად რეგულირების პირობებში ხშირი დავები და შეუთანხმებლობები, რაც უარყოფითად აისახებოდა სამეწარმეო სუბიექტების სტაბილურობაზე;
კანონპროექტი ითვალისწინებს ხელმძღვანელი ორგანოს წევრის დანიშვნის ჩვეულებრივ წესთან ერთად, პარტნიორის განცხადების საფუძველზე ხელმძღვანელის დანიშვნას სასამართლოს მიერ, თუკი საზოგადოების პარტნიორებს შორის არსებული გამოუვალი სიტუაციის ან სხვა გარემოების გამო, თავად პარტნიორები ვერ ნიშნავენ ხელმძღვანელი ორგანოს წევრს.

* საზოგადოებიდან გასვლა/გარიცხვა
კანონპროექტი ნორმატიულ დონეზე მიჯნავს ერთმანეთისგან ხელმძღვანელი ორგანოს წევრის დანიშვნას/გათავისუფლებას, როგორც კორპორაციულ-სამართლებრივ აქტსა და მეორე მხრივ, ხელმძღვანელი ორგანოს წევრთან სასამსახურო ხელშეკრულების დადებას/მოშლას, როგორც ვალდებულებით-სამართლებრივ გარიგებას.

* კეთილსინდისიერების ვალდებულება
კანონპროექტი ასევე დეტალურად აწესრიგებს ხელმძღვანელი ორგანოს წევრთა ისეთ კორპორაციულ მოვალეობებს, როგორიცაა: კეთილსინდისიერების მოვალეობა, კონკურენციის აკრძალვა, საქმიანი შესაძლებლობის მითვისების აკრძალვა და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მოვალეობა.

* საზოგადოების რეორგანიზაცია
სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაციის (გარდაქმნა, შერწყმა, გაყოფა) და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული მეწარმის რეგისტრაციის საქართველოში გადმოტანის საკითხებს.
მოქმედი კანონისგან განსხვავებით კანონპროექტი დეტალურად აწესრიგებს რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების (1) წინაპირობებს და (2) პროცედურას, (3) რეორგანიზაციის განხორციელების პროცესს, (4) ამ პროცესში კრედიტორების დაცვისა და (5) რეორგანიზაციის დასრულების საკითხებს.
კანონპროექტით დამოუკიდებლად არის მოწესრიგებული საზოგადოების რეორგანიზაციის ისეთი სახეები, როგორიცაა გარდაქმნა, შერწყმა და გაყოფა.
(1) გარდაქმნისთვის დადგენილია გადაწყვეტილებისს მიღებისთვის საჭირო ხმების რაოდენობა.
(2) კანონპროექტი ადგენს შერწყმის და გაყოფის სხვადასხვა სახეებს, კერძოდ: დაყოფას დაფუძნებით, დაყოფას შეძენით, გამოყოფას დაფუძნებით, გამოყოფას შეძენით, შერწყმას მიერთებით, შერწყმას გაერთიანებით.
კანონპროექტი ითვალისწინებს შერწყმის/გაყოფის გეგმის შედგენას და გამოქვეყნებას, ხოლო სააქციო საზოგადოებებისთვის დამატებით – შერწყმის/გაყოფის გეგმის შემოწმებას დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ და შერწყმის/გაყოფის ანგარიშის შედგენას.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს განსაკუთრებულ დაცვას რეორგანიზაციის პროცესში მყოფი საზოგადოების კრედიტორებისთვის და ანიჭებს მათ სამეწარმეო საზოგადოების მიმართ მოთხოვნის უზრუნველყოფის გამოყენების უფლებას, თუკი რეორგანიზაცია საფრთხეს უქმნის მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

* საზოგადოების არსებობის შეწყვეტა
კანონპროექტი აწესრიგებს ინდმეწარმის ან სამეწარმეო საზოგადოების არსებობის შეწყვეტის პროცესს და გამოყოფს არსებობის შეწყვეტის სამ სტადიას: (1) საზოგადოების დაშლა, როგორც არსებობის შეწყვეტის ინიცირების სტადია; (2) საზოგადოების ლიკვიდაცია, როგორც აქტივების რეალიზაციის, ვალდებულებების დაფარვის და დარჩენილი ქონების პარტნიორთა შორის გადანაწილების სტადია; (3) რეგისტრაციის გაუქმება, როგორც საზოგადოების მიერ არსებობის შეწყვეტის საბოლოო სტადია.

გარდა ზემოთხსენებულისა, კანონპროექტი აწესრიგებს და ადგენს:
* მარეგისტრირებელი ორგანოს ელექტრონული პორტალის, როგორც ერთიანი ელექტრონული სივრცის, ცნებას. ელექტრონული პორტალის მეშვეობით მოხდება მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის პროცესში წარდგენილი დოკუმენტების გასაჯაროება; სამეწარმეო საზოგადოების მიერ მასზე კანონით დაკისრებული გამოქვეყნების ვალდებულების შესრულება; მეწარმის ავტორიზებული მომხმარებლის სივრცის მეშვეობით მეწარმესთან ოფიციალური გზით კომუნიკაცია და მისთვის სხვადასხვა ელექტრონული სერვისის მიწოდება.
* მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მეწარმისათვის გაგზავნილი შეტყობინების ჩაბარების წესს და ითვალისწინებს, რომ შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლება მეწარმის იურიდიულ მისამართზე ჩაბარების მომენტიდან, ან მეწარმის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ელექტრონულად განთავსებიდან მე-15 დღეს.
* კვორუმთან დაკავშირებით დისპოზიციური წესის სახით, რომ პარტნიორთა კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მასზე წარმოდგენილი ხმის უფლების მქონე პარტნიორების ან წარმოდგენილი კაპიტალის ოდენობის მიუხედავად.
აღსანიშნავია, რომ „მეწარმეთა შესახებ“ მოქმედი კანონით პარტნიორთა კრება მხოლოდ განმეორებით მოწვევის შემთხვევაშია გადაწყვეტილებაუნარიანი, მიუხედავად კრებაში მონაწილეთა ოდენობისა.
* ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებული საკითხებს და განსაზღვრავს პარტნიორთა კრების, სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორის გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტებს და ვადებს. კანონპროექტი შეცილების ერთწლიან ვადასთან ერთად ადგენს, რომ ასეთი ვადა არ მოქმედებს, თუ მოხდა გადაწყვეტილების ან ინფორმაციის დამალვა.
* სააქციო საზოგადოებასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: კაპიტალის დაყოფა აქციებად და აქციონერებსა და საზოგადოებას შორის პასუხისმგებლობის გამიჯვნა. კანონპროექტის სხვა ნაწილებისაგან განსხვავებით, ამ თავით წარმოდგენილი ნორმები იმპერატიული ბუნებისაა – სააქციო საზოგადოების წესდება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეიცავდეს კანონისგან განსხვავებულ მოწესრიგებას, თუ ეს პირდაპირ არის დაშვებული კანონით.
* სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში (შემდგომ – სპს) ან კომანდიტურ საზოგადოებაში (შემდგომ – კს) ისეთ საკითხებს, როგორიცაა: პერსონალურად პასუხისმგებელ პარტნიორებად მხოლოდ შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოებების განხილვა, სამეწარმეო საზოგადოების საფირმო სახელწოდების შემდეგი სახით აღნიშნვნა „შეზღუდული პასუხისმგებლობის სპს“ ან „შეზღუდული პასუხისმგებლობის კს“, ასევე პარტნიორის გარდაცვალების შემთხვევაში შესაძლებელია სპს-ის კომანდიტურ საზოგადოებად ტრანსფორმაციის გამარტივებული გზის გამოყენება, თუ მემკვიდრეებს არ სურთ საწარმოში პირადად პასუხისმგებელ პარტნიორებად შესვლა.
* კოოპერატივთან დაკავშირებულ ისეთ საკითხს, როგორიცაა კოოპერატივის, როგორც ერთ-ერთი სამართლებივი ფორმის საზოგადოების, განმარტებაში სიახლის შემოტანა, რაც მის სოციალურ და ეკონომიკურ მიზნებზე ხაზგასმით გამოიხატება.
* აქციონერის ძირითად და დამატებით უფლებებს, კერძოდ ძირითადი უფლებების წრეში ექცევა საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება, დღის წესრიგის გაცნობის უფლება, დივიდენდის უფლება, აქციათა თავისუფალი განკარგვის უფლება, საზოგადოებისათვის აქციათა სავალდებულო წესით მიყიდვის უფლება და სხვა.

„საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა და წევრი ადვოკატები დადებითად აფასებენ წარმოდგენილი კანონპროექტით შემოთავაზებულ სიახლეებს და მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ცვლილებებით საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობა მნიშვნელოვნად უახლოვდება ევროპულს, რაც საქართველოს მიმართ ინვესტორების ინტერესის უფრო მეტად ზრდას და ევროპულ ბიზნესთან ინვესტიციების და პარტნიორების მოზიდვას შეუწყობს ხელს, ასევე ეს კანონმდებლობა მყარ გარანტიას შეუქმნის მინორიტარ მეწილეებსა თუ აქციონერებს, რომლებიც კაპიტალის ჩადებით იქნებიან დაინტერესებული.

 

სამართლებრივი შეფასება და მიმოხილვა: აღმასრულებელი დირექტორი ხატია ესებუა