13 ივნისი

13 ივნისის სტიქიის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ალბათ ყველას გვახსოვს 2015 წლის 13 ივნისს დატრიალებული ტრაგედია, რომელმაც წარუშლელი ტკივი დატოვა ჩვენს გულებში. სტიქიური უბედურება რომელსაც ემსხვერპა 19 ადამიანი და დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 3 ადამიანი. სტიქია რომელმაც უსახლკაროდ დატოვა ბევრი ადამიანი და ათი და ასი ათასობით ლარის ღირებულების მატერიალური ზიანი მიაყენა უამრავ ადამიანს, თუმცა ადამიანური მსხვერპლი რა თქმა უნდა ყველაზე მძიმე დანაკლისი იყო თითოეული ჩვენთაგანისთვის. სწორედ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენს მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების პროგნოზირება, პრევენცია და ლიკვიდაცია. 13 ივნისის სტიქიის მეორე დღიდანვე დაიწყო მსჯელობა თუ რამდენად სწრაფად, დროულად და ეფექტურად მოახდინა რეაგირება შესაბამისმა ორგანოებმა. შემდგომ უკვე დაიწყო მსჯელობა იმ თემაზე იყო თუ არა პრევენციული ღონისძიებები გატარებული, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული სტიქია და მისგან მოსალოდნელი ნეგატიური შედეგები.
ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა განვიხილო ერთი ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება რომელიც ეხება ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურებას 13 ივნისის მოვლენასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი მინდა შევეხო სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებებსა და შეფასებებს, რომლის დასაბუთებაც, ჩემი სუბიექტური აზრით ძალიან მაღალი სტანდარტისაა. აბსოლუტურად ამომწურავად და სიღრმისეულად აფასებს 13 ივნისს მომხდარი სტიქიური უბედურების მიზეზებს, განსაზღვრავს თითოეული ადმინისტრაციული ორგანოს როლსა და მნიშვნელობას სტიქიის მოვლენათა ჭრილში.
მოკლედ მოგახსენებთ დავის არსს, მოსარჩელე მხარე რომელიც გახლდათ 2015 წლის 13 ივლისს სტიქიის ზონაში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილი პიროვენების მემკვირე ითხოვდა სოლიდარულად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისგან მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას, რომელიც დადგა მოსარჩელის მამკვიდრების კუთვნილი განადგურებული ავტომობილის ღირებულების 30%-ის ანაზღაურებას და მორალური ზიანის ანაზღაურებას სიმბოლური თანხის 13 – ლარის ოდენობით (საქმეში მესამე პირად ჩართული ჩართული იყო თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაც).
პირველი ინსტანციის სასამართლომ უარი უთხრა მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად განადგურებული და დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებისთვის, დაზარალებულ პირთათვის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის N33-128 დადგენილების 1.1. მუხლზე, რომლის თანახმად, ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად განადგურებული და დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებისთვის, დაზარალებულ პირთათვის ფულადი დახმარების გაცემის წესი” (შემდგომში – წესი) არეგულირებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამიდან 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად განადგურებული და დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობის შესწავლის, შეფასების და დაზარალებულ პირთათვის ფულადი დახმარების გაცემის პირობებს და ფულადი დახმარების გადაცემის საკითხებს. ყურადღება გამახვილდა ამავე დადგენილების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დაზარალებულ პირზე ფულადი დახმარება გაიცემა ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით შემდეგი პრინციპით, I კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის, რომლის საშუალო საბაზრო ღირებულება 5000 (ხუთი ათასი) დოლარის ეკვივალენტ ლარის ტოლია ან მეტია – გაიცემა ფულადი დახმარება სატრანსპორტო საშუალების სტიქიამდე არსებული სავარაუდო საბაზრო ღირებულების 70 %-ის ოდენობით. ავტომობილის საბაზრო ღირებულების 70 პროცენტი დავის დაწყებამდე მიღებული ქონდა მოსარჩელე მხარეს და ითხოვდა დარჩენილი 30 პროცენტის ანაზღაურებას რაზეც პირველმა ისტანციამ უარი უთხრა შემდეგი მოტივაციით:,,ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებიდან და არსებობდეს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ბრალის სახით, რაც გამოიხატება ადმინისტრაციული ორგანოს მიზანმიმართულ უმოქმედობაში, ან უხეშ გაუფრთხილებლობაში, ანუ ადმინისტრაციული ორგანო შეგნებულად უნდა უშვებდეს პირისათვის ზიანის მიმყენებელი გარემოების დადგომას ან/და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს ზიანის თავიდან აცილების მიზნით.“ ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი: ,,სასამართლოს მოსაზრებით, არ დადგინდა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხედ დასახელებული ადმინისტრაციული ორგანოების ქმედებასა (მოქმედება/უმოქმედობა) და მოსარჩელეთათვის დამდგარ ტრაგიკულ შედეგს შორის.“

მოსარჩელე მხარემ გაასაჩივრა სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სწესით, და მოითხოვა პირველი ისტანციის სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

სააპელაციო სასამართლომ დაუკმაყოფილა აპელანტს მოთხოვნა და მოპასუხეებს სოლიდარულად დააკისრა ავტომობილის ღირებულების დარჩენილი 30 პროცენტის ანაზღაურება და ასევე დააკმაყოფილა მოთხოვნილი მორალური ზიანის ანაზღაურებაც. სააპელაციო სასამართლომ გამოიკვლია მოპასუხე მხარის უფლება-მოვალეობაები სტიქიასთან ბრძოლის ჭრილში და დაადგინა, რომ არცერთ მათგანს მათვის კანონით დაკისრებული ვალდებულება პირნათლად არ შეუსრულებია. მათი ქმედება არ იყო დროული, ოპერატიული და საკმარისად შესაბამისი არსებულ გარემოებასთან. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა პოზიცია იმის შესახებ, რომ 13 ივლისის სტიქია იყო დაუძლეველი ძალა და ფორს-მაჟორული გარემოება, ამის თქმის საფუძველი სასამართლოს მისცა საქმეში არსებულმა წერილობითმა დოკუმენტებმა და მოპასუხე მხარის წარმომადგენელთა ვიდეო-აუდიო ჩანაწერებმა რომლებიც სტიქიის შემდგომ ტელე-რადიო საშუალებების მეშვეობით გააკეთდა სხვადასხვა სამაუწყებლო საშუალებებით.

საკითხზე მსჯელობის მიზნით პალატა მნიშვნელოვანად მიიჩნევს ყურადღება გამახვილდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 29 მაისის NXXX წერილზე, სადაც ცალსახად არის მითითებული, რომ 2015 წელს გარემოს ეროვნულ სააგენტოს არ გააჩნდა არც ერთი მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური დაკვირვების პუნქტი მდ. ვერეს აუზში. 2015 წლის ივნისის ტრაგედიის შემდეგ, სააგენტოს თხოვნით, ქ. თბილისის მერიამ შეიძინა და გარემოს ეროვნულ სააგენტოს გადასცა ავტომატური მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური სადგურები, რომლებიც 2016 წლის დასაწყისში დამონტაჟდა მდ. ვერეს და მდ. ბაგებისხევის აუზებში. წერილში მითითებულია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო არ ფლობს მდ. ვერეს აუზში 2015 წლის 4 ივნისის და 13 ივნისის ფაქტიურ მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ მონაცემებს.

ცალსახაა, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ სათანადოდ არ იქნა შეფასებული და გათვალისწინებული ტერიტორიის ისტორიულად მეწყერსაშიშობა.
ზემოაღნიშნულ შეფასებაზე დაყრდნობით, პალატის მოსაზრებით, ჯერ კიდევ წყნეთი, ბეთანია, კიკეთის ტერიტორიაზე შესაბამისი ფერდების წყლით გაჟღენთვა, შესაბამისი ქანების წყლით დამძიმება, ქანების დახრილობა სპეციალისტებში გააჩენდა ვარაუდს, რომ ეს ქანები ვერ გაუძლებდა ასეთი ტიპის სიმძიმეს, მოხდებოდა ჩამოშლა და მეწყერსაშიშ ზონად აქცევდა კონკრეტულ ტერიტორიას.

პალატა ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო საჩივრის ავტორთა წარმომადგენლის იმ მოსაზრებას, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, 2015 წლის 12 ივნისს მომზადებულმა N1– ბიულეტენმა, სადაც საუბარია 13 ივნისის სავარაუდო წყალმოვარდნის, ღვარცობის შესახებ, ვერ მიიპყრო შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების სათანადო ყურადღება არასრულყოფილების გამო, დოკუმენტით არ იყო გათვალისწინებული რისკები და ბიულეტენი არ იყო კონკრეტული.

და ყველაზე მთავარია რაც თქვა სასამართლომ ამ საკითხთან დაკავშირებით: სამართლებრივი ნორმებისა და სპეციალისტთა მოსაზრებების ურთირთშეჯერებით პალატა მიიჩნევს, რომ გარემოს ეროვნულ სააგენტოს ევალებოდა შეემოწმებინა და მონიტორინგი განეხორციელებინა საქართველოში არსებულ მდინარეებში წყლის დონისა, ასევე მონიტორინგთან დაკავშირებით იდენტიფიცირება მოეხდინა კონკრეტული მდინარიდან გამომდინარე შესაბამისი წყალუხვობისა და სტიქიური უბედურების დროს თუ რა ტიპის საფრთხე ემუქრებოდა მოსახლეობას, ადამიანთა ქონებას/საკუთრებას და ა.შ. არ გააჩნდა არც ერთი მეტეოროლოგიური სადგური ისტორიულად მეწყერსაშიშ, სტიქიის ზონაში, 4 ივნისის მცირე მასშტაბის სტიქია არ შეფასდა ადექვატურად, მომავალ განჭვრეტად საფრთხეს კავშირში, სათანადოდ არ გაანალიზდა მეტეოროლოგიური სიტუაცია, მხოლოდ მძიმე შედეგების შემდგომ, შესაბამისი თანამდებობის პირები ზემოაღნიშნულ სატელევიზიო სიუჟეტებში პრაქტიკულად აღიარებდნენ სახელმწიფოს უმოქმედობას; ყოველივე ზემოაღნიშნული ადასტურებს, რომ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სათანადოდ არ შეასრულა კანონმდებლობით მასზე დაკისრებული ვალდებულებები, არ განახორციელა მეწყერსაშიში ზონის დროული მონიტორინგი და საფრთხის პრევენცია. პალატა ეთანხმება და იზიარებს აპელანტის იმ მოსაზრებას, რომ პრევენციულ ღონისძიებებს/ინფორმირებულობას შესაძლებელია ვერ მოეხდინა სტიქიური უბედურების თავიდან აცილება, თუმცა ცალსახად შეამცირებდა დამდგარ ზიანს. პალატა მიიჩნევს, რომ ინფორმაციის დამუშავების, გააზრების, დაკვირვების პირობებში მოხდებოდა სტიქიის დროის პროგნოზი და ასევე მოხდებოდა გარკვეული პრობლემების იდენტიფიცირება. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით ცალსახად სახეზეა გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის ზიანის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ ქმედებებს თავად ამ ორგანოს უფლებამოსილმა წარმომადგენელმა განაცხადა რომ სტიქიის დაწყებამდე დამისი მიმდინარეობის პროცესში გზები არ გადაკეტვა არ განხორციელებულა. საპატრულო პოლიციას რომ დროულად მოეხდინა გზის გადაკეტვა ვერც აწ გარდაცვლილი პირი მოახერხებდა სტიქიის ზონაში ავტომობილით გადაადგილებას და შესაბამისად არც მისი სიკვდილის ფაქტი დადგებოდა: ,,მოცემულ შემთხვევაში, დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, პალატა ცალსახაად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, კანონმდებლობით მათზე დაკისრებული ვალდებულებები ვერ შეასრულეს ჯეროვნად, რაც კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმობდა უსაფრთხოების წესების დაცვას და ეფექტიან გატარებას, მათ შორის, სტიქიის ზონისკენ მოსახლების გადაადგილების შეზღუდვას/შეწყვეტას. პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ვერ მოახდენდნენ სტიქიური უბედურების თავიდან აცილებას, თუმცა ცალსახად შეამცირებდნენ დამდგარ ზიანს. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ სანამ სტიქიის ზონა ფიზიკურად არ ჩაიხერგა მცენარეებით, საყოფაცხოვრებო ნივთებით და ავტომანქანებით, მისი მიმართულებით არ მომხდარა გზის გადაკეტვა შესაბამისი სტრუქტურების მიერ.“

რაც შეეხება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ განხორციელებულ ქმედებებს სასამართლომ მიიჩნია, რომ 112-ში შესული ზარები იძლეოდა იმის განსაზღვრის შესაძლებლობას რომ მალე დავდგებოდით სტიქიური მოვლენის წინაშე და შემოსულ ზარებზე შესაბამისი რეაგირებით შესაძლებელი იქნებოდა მოსახლეობის ევაკუაცია სტიქიის არეალიდან, იქამდე სანამ ჩაიხერგებოდა და დაიტბორებოდა ვერე ხეობა.

პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ნაკლები კვალიფიკაციის, ნაკლები ორგანიზებულობის, ნაკლები ეფექტიანობის, არაკოორდინირებული მოქმედებების შედეგად, სათანადოდ ვერ განახორციელეს მათზე კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციები და პრიორიტეტების განსაზღვრა, რამაც გამოიწვია კონკრეტული პირის გარდაცვალება. პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან სახეზეა შედეგი, სათანადო ორგანოების უმოქმედობა, მიზეზშედეგობრივი კავშირი და ასევე სახეზეა ზიანი, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცალსახად წარმოადგენს აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.

მორალურ ზიანთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ ,,შვილის გარდაცვალების გამო მშობლის ენით გამოუთქმელი მორალური ტრავმა უდავოდ სახეზეა. ეს უკანასკნელი გაიგივებულია სულიერ განცდასა და ფიზიკურ ტანჯვასთან. მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენს დაზარალებულის სულიერი და ფიზიკური ტანჯვა, რომელიც გამოწვეულია მოქმედებით (უმოქმედობით) და რომელიც ხელყოფს მოქალაქის კანონით გათვალისწინებულ არამატერიალურ სიკეთეს. მორალური ზიანი ანაზღაურდება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად, ანუ როგორც ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისას, ისე მისგან დამოუკიდებლად.“

მარიამ სიჭინავა

საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის
გამგეობის წევრი.