უნიდრუას პრინციპების გამოყენება საქართველოს სასამართლო პრაქტიკაში
„ერთიანი ევროპული ბაზრის“ იდეას ჩამოყალიბებასთან ერთად, ასევე დღის წესრიგში დადგა ერთიანი საკანონმდებლო ბაზის არსებობაც. ევროკავშირის მოქალაქეები თუ იურიდიული პირები იმდენად მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობაში იმყოფებიან ერთმანეთთან, რომ ყველასთვის ნაცნობი, საერთო და მისაღები წესების, ნორმების არსებობა სამომავლო სტაბილური ურთიერთობისთვის აუცილებელიცაა. შესაბამისად, არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც სამართლის „დაახლოების“ პროცესში აქტიურად არიან ჩართულები.
სწორედ ასეთი ორგანიზაციაა UNIDROIT, რომელიც მუშაობს ერთიანი კერძოსამართლებრივი კანონმდებლობის ჩამოყალიბებაზე და ამ მიზნით საერთო პრინციპებს, ჩარჩო ხელშეკრულებებს, კანონის მოდელებსა და ერთიანი საკანონმდებლო ბაზისთვის აუცილებელ და მნიშვნელოვან დოკუმენტებს შეიმუშავებს. სწორედ ასეთი, თითქმის 20 წლიანი შრომის შედეგია UNIDROIT-ის პრინციპები, რომლებიც მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ შორეულ 1980 წელს შექმნილი იქნა სპეციალური ჯგუფი, რომლის მუშაობის საბოლოო შედეგი 1994 წელს შემუშავებული უნიდრუას სახელშეკრულებო პრინციპები გახდა. ეს უკანასკნელი, გამოქვეყნების შემდეგ ითვლებოდა „რბილ სამართლად“, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არ ატარებდა და არც ამჟამად ატარებს სავალდებულო ძალას, არ ითხოვს სახელმწიფოების მიერ მის რატიფიცირებას.
თუმცა, მიუხედავად მისი არასავალდებულოობისა, დროთა განმავლობაში, აღნიშნულმა პრინციპებმა დაამტკიცეს, რომ ისინი საერთაშორისო კერძო სამართლებრივი დავების გადაწყვეტის ეფექტურ სამართლებრივ ინსტრუმენტებს წარმოადგენენ და უმეტეს სამართლებრივ სისტემებში არსებულ ყველაზე ეფექტურ სახელშეკრულებო პრინციპების ერთობლიობად გვევლინება.
როგორც თქვენთვის არის ცნობილი, UNIDROIT-ის პრინციპები არის საერთაშორისო კომერციული ხელშეკრულებების ზოგადი წესების ერთობლიობა, რომელიც შეიძლება დაიყოს ორ ნაწილად: პირველი ნაწილი შეიცავს ზოგად წესებს, რომლებიც დამახასიათებელია ნებისმიერი საერთაშორისო კომერციული ურთიერთობის დასარეგულირებლად (მაგ: „ხელშეკრულების თავისუფლება“ (მუხ. 1.1.) და მეორე ნაწილი, რომელიც შეიცავს წესებს ხელშეკრულების დადების პროცედურის, მისი შესრულების, მოქმედების, წარმომადგენლობის, ხელშეკრულების შეუსრულებლობის შედეგების, ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების გადაცემის, ხანდაზმულობის საკითხებს.
მთავარი კითხვა არის, თუ როდის გამოიყენება UNIDROIT პრინციპები ?
ასევე უნდა ითქვას, რომ UNIDROIT-ის პრინციპები ხშირად გამოიყენება საერთაშორისო ერთიანი სამართლებრივი ინსტრუმენტების ინტერპრეტაციისა და დასამატებლად.
რაც შეეხება საქართველოს, საქართველოს სასამართლოები არც თუ ისე ხშირად გამოიყენებდნენ უნიდრუას პრინციპებს სამართლებრივი საკითხების განმარტების დროს, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია ძალიან აქტიურად ხდება მათი გამოყენება სხვადასხვა სამართლებრივი საკითხების, ნორმების განსამარტად. ამას ადასტურებს ჩემს მიერ შესწავლილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც. მესამე ინსტანციის სასამართლოს მიერ მათი გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს უზენაესი სასამართლო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის საკასაციო სასამართლოა. იგი ადგენს სასამართლო პრაქტიკას, რომელიც გასათვალისწინებელია ქვედა ინსტანციის სასამართლოებისთვის, დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში. რაც შეეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, მის მიერ სამართლებრივი შეფასება (ნორმის განმარტება) სავალდებულოა ყველა ინსტანციის საერთო სასამართლოებისთვის.
ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთ სამოქალაქო საქმეში უნიდრუას პრინციპების გამოყენება არამხოლოდ უფრო სრულყოფილად ახდენს საკითხის განმარტებას, არამედ ევროპასთან ჰარმონიზაციისთვისაც აუცილებელ საკითხს წარმოადგენს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მის მიერ განხილულ საქმეში უნიდრუას პრინციპები რამდენიმე საკითხზე აქვს განმარტებული და გამოყენებული, კერძოდ:
სასამართლოს მიერ ხშირად გამოიყენება „კეთილსინდისიერების“ განმარტება სწორედ უნიდრუას პრინციპის ჭრილში (საქმე Nას-1054-2019 (30.09.2019წ.), საქმე ას-668-668-2018 (20.07.2018წ.), საქმე Nას-1215-2018 (29.03.2019წ), საქმე Nას-1548-2019 (14.02.2020წ.), საქმე Nას-9-2020 (10.06.2020წ.), საქმე ას-899-2020 (16.06.2020წ.), საქმე ას-559-2019 (04.12.2019წ.).
რამდენიმე საქმეში განმარტა სოლიდარული ვალდებულების არსი საქმე ას-559-2019 (04.12.2019წ.), საქმე Nას-467-2020 (25.06.2021წ).
საკმაოდ ხშირად ხდება უნიდრუას პრიბციპების გამოყენება, როდესაც ხდება ზიანთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობა საქმე ას-344-2019 (12.02.2021წ.) საქმე Nას-536-2019 (11.06.2019წ.), საქმე Nას-18-2019 (02.08.2019წ), საქმე Nას-459-438-2015 (07.10.2015), საქმე Nას-201-2019 (08.05.2019), საქმე Nას-70-66-2017 (10.03.2017წ).
ერთ-ერთი საინტერესო განმარტება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შემოგვთავაზა საქმეში ას-812-2022 (05.10.2022წ.), სადაც საუბარია სტანდარტული პირობების ინფორმირებულობაზე „სუსტი მხარის“ მიმართ.
ასევე საინტერესოა საქმე ას-1344-2018 (05.04.2019წ.), მხარეთა მიერ ვალდებულებების ერთდროულად შესრულებასთან დაკავშირებით
უნიდრუას პრინციპების შესაბამისად განიმარტება ფულადი ვალდებულების შესრულების ადგილისა და დროის განსაზღვრის მომენტი საქმე Nას-1003-924-2017 (01.12.2017წ.), საქმე Nას-1766-2019 (19.05.2021წ.).
მაგალითისთვის გავეცნოთ რამდენიმე საქმეს:
საქმე Nას-559-2019 04.12.2019 (სოლიდარული თავდებობა-კეთილსინდისირება)
სასამართლოს წინაშე სასარჩელო მოთხოვნა წარმოადგინა ბანკმა ოთხი მოპასუხის მიმართ გენერალური და შემდგომ დადებული საკრედიტო ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, რა დროსაც მოითხოვა როგორც სოლიდარული თავდებების მიერ ვალდებულების შესრულება, ასევე იპოთეკის საგნისა და გირავნობის (არამატერიალური აქტივი) საგნების რეალიზაცია, ხოლო იმ შემთხვევაში თუ საკმარისი არ აღმოჩნდებოდა ეს ყველაფერი ვალდებულების სრულად დაფარვისთვის, სხვა ქონებაზეც მიქცევა.
აღსანიშნავია, რომ ბანკთან გენერალური ხელშეკრულება და შემდგომ უკვე საკრედიტო ხელშეკრულების მხარეები იყვნენ რ.ფ. და ქ.ჩ., რომელსაც 2017 წლის 30 იანვარს ჩაენაცვლა შპს „ფ“ და დაიკავა მათი ადგილი. შპს „ფ“-ს მიერ დაირღვა გადახდის გრაფიკი, რაც საფუძველი გახდა ბანკის მიერ სარჩელის აღძვრისა.
განსახილველ შემთხვევაში სადავო გარემოება იყო რამდენიმე:
უნდა მოხდარიყო თუ არა იპოთეკის საგნის რეალიზაცია, თუკი მოვალის ცვლილება არ შეატყობინეს იპოთეკის საგნის მესაკუთრეს, ასევე უნდა მომხდარიყო თუ არა გირავნობის საგნის რეალიზაცია, რადგან კანონით დადგენილი წესით არ ყოფილა იგი რეესტრში რეგისტრირებული (კონკრეტული კომპანიის 10% წილი იყო გირავნობის საგანი) და ბოლოს, რამდენად იყო შპს პასუხისმგებელი როგორც სოლიდარული თავდები, მისი დირექტორის მიერ განხორციელებულ ხელმოწერაზე.
სწორედ ამ საკითხების შეფასებისას საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა და ამ განმარტების დროს გამოიყენა უნიდროას პრინციპები სოლიდარული პასუხისმგებლობისა და კეთილსინდისიერების ნაწილში, როდესაც იგი აფასებდა 2017 წლის 30 იანვრის ხელშეკრულებას, რითაც მოხდა მხარის ჩანაცვლება. სასამართლომ არ დაადგინა სოლიდარული პასუხისმგებლობა იმ პირების, რომლებმაც თავდაპირველად დადეს გენერალური ხელშეკრულება და საკრედიტო ხელშკრულება. მითითებული პირების სხვა სუბიექტის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, სხვა საკითხებთან ერთად, სასამართლომ კეთილსინდისირებაზეც იმსჯელა და გამოიყენა ანალოგია და კრედიტორს დაავალდებულა მოვალის ცვლილების შემთხვევაში შეტყობინება და შეთანხმება განეხორციელებინა იპოთეკის საგნის მესაკუთრესთან და ასევე მომხდარიყო ამ ცვლილების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. რეესტრში რეგისტრაციის არქონის გამო ბანკს უარი ეთქვა ასევე გირავნობის საგნის რეალიზაციასთანაც დაკავშირებითაც. რაც შეეხება დირექტორის უფლებამოსილებას, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს დირექტორი წარმოადგენდა საწარმოს, თუკი შეზღუდვა არ ფიქსირდება სამეწარმეო რეესტრში.
საქმე Nას-1003-924-2017 01.12.2017წ.
ფულადი ვალდებულების შესრულება საბნკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით
მოსარჩელე დ.კ.ი.ე (გამყიდველი) და მოპასუხე შპს „რ.ჯ“ (მყიდველი) შორის 2012 წლის 05 აპრილს დაიდო ხელშეკრულება 70% წილის შესყიდვის თაობაზე შპს „ვ.პ“ კაპიტალში. ხელშკრულების მიხედვით ვალდებულების შესრულება ნაწილ-ნაწილ 4 ტრანშად უნდა განხორციელებულიყო 2013 წლის 10 აპრილის ჩათვლით.
მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვალდებულება დადგენილ ვადაში არ შეასრულა, ამიტომ სარჩელით მოითხოვა ხელშეკრულებიდან გასვლა და 70% წილის დაბრუნება. აღნიშნული მოთხოვნა სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა.
მოცემულ საქმეში სადავო გარემოება იყო, იყო თუ არა ნამდვილი არაუფლებამოსილი პირის წინაშე მოპასუხის მიერ განხორციელებული საბანკო ჩარიცხვები ანუ იყო თუ არა ნამდევილი შესრულება (სსკ 373-ე მუხლის მე-2 ნაწილი). საქმის მასალებით დასტურდებოდა ჩარიცხვები, თუმცა მოპასუხის მიერ ჩარიცხვები განხორციელდა არა უშუალოდ მოსარჩელის ანგარიშზე, არამედ შეთანხმების შედეგად განსაზღვრულ სხვა ანგარიშზე, რაც სასამართლომ ჩათვალა დადგენილ ვადაში ვალდებულების შესრულებად. ასევე მიუთითა, რომ რომც არ ყოფილიყო შესრულებული გადარიცხვები, ასე ცალმხრივად მოსარჩელეს, როგორც მხარეს, არ შეეძლო ხელშეკრულებიდან გასვლა, რადგან მოპასუხისთვის არ დაუწესებია დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მოცემულ საქმეზე განმარტება გააკეთა მტკიცებულების გადანაწილებაზე, ასევე გამიჯნა ვალდებულების შემსრულებელი და მიმღები პირები და განმარტა, თუ რა მომენტიდან ითვლება მოვალის მეირ ვალდებულება შესრულებულად. სწორედ აქ გამოიყენა უნიდრუას პრინციპები ფულადი ვალდებულების შესრულების ადგილთან მიმართებით, როდესაც ხდება საბანკო ჩარიცხვით ვალდებლების შესრულება და მიუთითა, რომ ვალდებულება შესრულებულად ითვლება, როდესაც მოხდება კრედიტორის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა და მას გაუთანაბრა კრედიტორის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა. სასამართლომ აქვე მიუთითა უნიდროას კიდევ ერთ პრინციპზე, რომ თუ არ არსებობს კრედიტორის მითითება კონკრეტული საბანკო ანგარიშის შესახებ, მოვალეს შეუძლია მისთვის ცნობილ კრედიტორის ნებისმიერ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით შეასრულოს თავისი ფულადი ვალდებულება (მუხლი 6.1.8).
სწორედ ამ პრინციპებზე დაყრდნობით უზანაესმა სასამართლომ გაიზიარა ქვემდომი სასამართლოების მსჯელობა და დაუშვებლად სცნო მოსარჩელის საკასაციო საჩივარი.
საქმე Nას-812-2022 05.10.2022 ხელშეკრულების სტანდარტული პირობები
სადაზღვეო კომპანიამ სარჩელი შეიტანა დაზღეულის მიმართ მათ შორის 2020 წლის 25 მაისს დადებული დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე. ამავე ხელშეკრულებით მოხდა მოპასუხის კონტეინერისა და კონტეინერის დაგვიანებაზე პასუხისმგებლობის დაზღვევა. 2020 წლის 23 ივლისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ა/მანქანა და კონტეინერი გადაყვანილი იქნა საჯარიმო ავტოსადგომზე. იმის გათვალისწინებით, რომ დაზღვეული მანქანის მძღოლის ბრალეულობა არ იკვეთებოდა, ასევე დაზიანებული არ იყო ა/მანქანა და კონტეინერი, სადაზღვევო კომპანიამ შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან მოათხოვა მათი გაყვანა, თუმცა მხოლოდ კონტეინერის გაყვანის ნაწილში დაკმაყოფილდა მოთხოვნა. მოგვიანებით, 2020 წლის 10 ნოემბერს შპს „მ.ჯ.“ მიმართა სადაზღვევო კომპანიას კონტეინერის მოცდენის გამო ზიანის დაკისრების მოთხოვნით, რაც სადაზღვევო კომპანიის მიერ დაკმაყოფილდა, თუმცა ამ უკანასკნელმა მითითებული თანხის ანაზღაურება მოითხოვა დაზღვეული პირისგან სამმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე. მითითებული მოთხოვნაზე უარი განაცხადა მოპასუხემ, რადგან იგი არ იყო ვალდებული პირი ზიანის ანაზღაურებაზე, რადგან ხელშეკრულებით ეს არ გამომდინარეობდა, ამასთან ზიანი არა მისგან, არამედ ბრალეული მძღოლისგან უნდა მოეთხოვა.
მოცემულ საქმეში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა სუბროგაციისა და რეგრესის არსი. ამასთან, მიუთითა, რომ მოპასუხეს ნათლად არ განემარტა ხელშეკრულების იმ პირობის შესახებ, რომელიც დამზღვევის მიმართ რეგრესის წესით მოთხოვნის წარდგენის უფლებას ითვალისწინებდა იმ შემთხვევაშიც, თუკი დამზღვევი არაბრალეული იქნებოდა სადაზღვევო შემთხვევაში.
სტანდარტული პირობის შეთავაზებისას, პირის სრული ინფორმირება, როგორც კეთილსინდისიერი მოქმედების მაჩვენებელი, გაზიარებულია ასევე 2010 წლის უნიდრუას საერთაშორისო პრინციპებით, კერძოდ, 2.1.20. მუხლის თანახმად, პირობას, რომელიც სტანდარტული სახისაა და გააჩნია იმგვარი ხასიათი, რომ მეორე მხარე გონივრულად არ მოელოდა მას, არ გააჩნია ძალა, გარდა იმ შემთხვევისა თუ აღნიშნული პირობა მეორე მხარის მიერ ნათლად იყო მიღებული.
შესაბამისად, მხარის მოთხოვნა თანხის დაკისრების თაობაზე არ დააკმაყოფილა, რადგან ხელშეკრულება, რომელიც ძირითადად სტანდარტული ხასიათისაა, ასეთ დათქმას არ შეიცავდა და მეორე მხარისთვის მოულოდნელი იყო მის მიმართ წარმოშობილი მოთხოვნა.
საქმე Nას-1344-2018 05.04.2019წ. მხარეთა ურთიერთშემხვედრი ვალდებულებები
ბ.ფ. (გამყიდველი) და მ.გ. (მყიდველი) შორის 2010 წლის 14 მაისს შედგა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება 3 თვის ვადაში გამოსყიდვის უფლებით. შეთანხმებული ღრებულებიდან 8000 აშშ დოლარი გადახდილი იქნა, თუმცა სადავო გახდა 25000 აშშ დოლარი, რომელის მოთხოვნითაც გამყიდველმა მიმართა სასამართლოს. მისი სარჩელი ორივე ინსტამციის სასამართლოს მიერ გაზიარებული იქნა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საქმე ხელმეორედ განსახილველად დააბრუნა მეორე ინსტანციაში, რადგან სრულად არ იყო შეფასებული მტკიცებულებები მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის გადახდის ნაწილში, რადგან არ გაანალიზდა რატომ მოიხსნა იმავე დღეს ამავე ქონებაზე უკვე არსებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით არსებული შეზღუდვა, ასევე სასამართლომ არ შეაფასა ამავე მხარეებს შორის 2013 წელს არსებული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემობები, რომელიც პრეუდიციული ხასიათისაა.
უზენასმა სასამართლო განმარტა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი მხარეთა უფლებები და ვალდებულებები, როგორც ურთიერთშემხვედრი. ასევე დამატებით მიუთითა, რომ ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 9:201-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ მხარეს, რომელმაც უნდა შეასრულოს ვალდებულება მეორე მხარესთან ერთდროულად ან მის მიერ ვალდებულების შესრულების შემდეგ, უფლება აქვს შესრულება შეაჩეროს მანამ, სანამ მეორე მხარე არ შეასრულებს თავის ვალდებულებას ან არ შესთავაზებს შესრულებას. საერთაშორისო კომერციული ხელშეკრულებების პრინციპების (,,უნიდროას” პრინციპები) 6.1.4-ე მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს, რომ ორმხრივ ვალდებულებით ურთიერთობებში, იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია მხარეების მიერ ერთდროული შესრულება, მხარეებმა ვალდებულებები უნდა შეასრულონ ერთდროულად, თუკი გარემოებებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
საქმე Nას-201-2019 08.05.2019წ. ზიანის ანაზღაურება
მოცემულ საქმეში ბანკის მიერ წარდგენილია მოთხოვნა საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევის გამო ძირითადი მოვალისა და სოლიდარულად პასუხისმგებელი პირების მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით, ასევე იპოთეკის საგანი მიქცეული იქნეს აღსასრულებლად. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რომელიც მეორე ინსტანციის სასამართლომ ძალაში დატოვა. რაც შეეხება საქართველოს უზენაეს სასამართლოს საქმე განუხილველად დატოვა. მოცემულ შემთხვევაში სადავო იყო ერთი გარემოება, ბანკის მიერ სამომავლოდ მოსათხოვი სარგებლის, სიცოცხლის დაზღვევისა და საკომისიოს მოთხოვნა, რა ნაწილშიც ეთქვა უარი მოსარჩელეს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ განმარტა ზიანის ცნება, ასევე მოსალოდნელი ზიანი. მიუთითა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
მანვე მიუთითა, რომ ანალოგიურ დათქმებს შეიცავდა ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 8:101-ე (2) და უნიდრუას სახელშეკრულებო პრინციპების 7.1.7-ე (1) მუხლები. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება.
საქმე Nას-344-2019 12.02.2019წ. ზიანის ანაზღაურება
2015 წლის 26 ნოემბერს სსიპს „ბ.ბ.“ და შპს „ლ“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება ბათუმის ძველი ბულვარის ასფალტის საფარითა და ფილებით მოწყობასთან დაკავშირებით. სარჩელი აღძრვა შპს „ლ“ და მოითხოვა აღიარება მომხდარიყო მოპასუხის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე, ასევე დაკისრებოდა საგარანტიო თანხა, მხარეთა შორის არსებული ჩუქების ხელშეკრულების, რომელიც სინადვილეში არ იყო ჩუქება, ბათილად ცნობა და დარჩენილი შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება.
მოცემულ საქმეზე მოსარჩელის მოთხოვნები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თუმცა სასამართლოს მიერ დადგინდა მის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტი, რამაც გამორიცხა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლა და საბანკო გარანტიის თანხის მიღების მართლზომიერება. მოპასუხეს ასევე დაეკისრა მოსარჩელის მეირ ჩატარებული სამუშაოების დარჩენილი ნაწილის ანაზღაურება. ზიანის ნაწილში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სწორედ უნიდრუას პრინციპები გამოიყენა და მიუთითა, რომ ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (იხ., სუსგ-ის 2012 წლის 11 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-630-593-2012). ანალოგიურ დათქმებს შეიცავს ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 8:101-ე (2) და უნიდრუას სახელშეკრულებო პრინციპების 7.1.7-ე (1) მუხლები (იხ., სუს-ს მნიშვნელოვანი განმარტება №ას-459-438-2015, 07 ოქტომბერი, 2015).
დასკვნა
ამდენად, ჩვენს მიერ წარმოდგენილი საქართველოს სასამართლო პრაქტიკის ანალიზით ცალსახად დასტურდება, რომ მიუხედავად იმისა, რომ უნიდრუას პრინციპები არ არის სავალდებულოდ შესასრულებელი პრინციპები, არ საჭიროებს რატიფიცირებასა თუ სხვა სახის ოფიციალურ ქმედებებს სახელმწიფოს მხრიდან, აღნიშნული ხშირად გამოიყენება საქართველოს სასამართლოების მიერ, როგორც ნორმის განმარტების ხერხი, რაც არამხოლოდ ხელს უწყობს მხარეებს მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების უკეთ გაგებაში, არამედ წვლილი შეაქვს როგორც პრაქტიკაში, ასევე სამეცნიერო საკითხებში და ბოლოს, უნიდრუას პრინციპების გამოყენებით კიდევ უფრო ვუახლოვდებით ევროპის ერთიან ოჯახსა და სამართლის კიდევ უფრო მეტად „დაახლოებას“.
ორშ-პარ : 09:00 - 18:00
შაბათი : 09:00 - 14:00
კვირა : დასვენება
მიმღები ბანკი: სს თიბისი ბანკი
ანგარიში: GE75TB0000000777333
მიმღები: ააიპ საქართველოს ადვოკატები
დამოუკიდებელი პროფესიისთვის
Copyright 2025 Glip - ყველა უფლება დაცულია